ლევან დავითაშვილი - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2020 წელს ეკოტურიზმის განვითარებისთვის შვიდ მილიონ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, Covid-19 გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, აქტიურად განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი მიმდინარეობს და საერთო ჯამში 7 000 000-მდე ლარის ინვესტიციას შეადგენს.
„პროექტების განხორციელების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დასრულების ეტაპზეა 200 კმ-მდე საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და აბასთუმნის ტერიტორიაზე, სათაფლიაში, აჯამეთის აღკვეთილში, ალგეთის ეროვნულ პარკში. კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ მოეწყო. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში, მიმდინარეობს ოთხ მილიონ ლარამდე ღირებულების საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.
ახალი კორონავირუსის „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად, შეუჩერებლად მიმდინარეობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული მოცულობის საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომელთა ღირებულება 89 მილიონ ლარზე მეტია. მათ შორის, წალკის (ყოფილი დაშბაშის) კანიონზე, რომელიც საქართველოში პირველი კერძო საერთაშორისო ინვესტიციაა. აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, პანდემიის დასრულების შემდეგ, ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს. დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან: გერმანიის განვითარების ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი, შვედეთის მთავრობა, ევროკავშირი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, რომელთა მხარდაჭერითა და ჩართულობით განხორციელდა და მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“, – ლევან დავითაშვილმა.