ლევან დავითაშვილი - საქართველოს აქვს ყველანაირი პირობა, რომ იყოს ელექტროენერგიის ნეტოექსპორტიორი ქვეყანა
ლევან დავითაშვილი - საქართველოს აქვს ყველანაირი პირობა, რომ იყოს ელექტროენერგიის ნეტოექსპორტიორი ქვეყანა

საქართველოს აქვს ყველანაირი პირობა, რომ იყოს ნეტოექსპორტიორი ქვეყანა ელექტროენერგიის, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მნიშვნელოვან, მსხვილ სტრატეგიულ ინიციატივებზე, ერთ-ერთი არის მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს და უმთავრესი მიზანი არის, რომ ადგილობრივი გენერაციიდან მიღებული ელექტროენერგიის ექსპორტი გავაკეთოთ ევროკავშირში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, წელს საქართველოს რეკორდული გენერაცია ჰქონდა.

„ეს მრავალმილიარდიანი პროექტია, რომელსაც მრავალი წელი დასჭირდება და ამაში ინვესტიციას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უფრო მეტი გენერაცია გვექნება საქართველოში, სხვა შემთხვევაში გამართლებული ვერ იქნებოდა. მაგრამ, ყველა ჩვენი პროგნოზით, საქართველო შეძლებს, რომ მომავალში დამატებით ელექტროენერგია ვაწარმოოთ განახლებადი წყაროებიდან, რომელიც მათ შორის საექსპორტოდ იქნება გამოყენებული. წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული გენერაცია. მიმდინარე წლის გენერაცია 13 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტი იყო და მიმდინარე პროექტები მხოლოდ, რომლებსაც სამინისტრო მართავს კერძო სექტორთან ერთად და ის მემორანდუმები, რომლებიც სამინისტროს გაფორმებული აქვს კერძო დეველოპერებთან, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა – ზოგი შესწავლის, ზოგი სამშენებლო ფაზაზეა, დამატებით საქართველოში კიდევ ერთი ამდენი გენერაციის საშუალებას გვაძლევს. 13 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტი შეიძლება მომავალში ვაწარმოოთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზარი არის თურქეთი.

„ამ ყველაფერს მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა და ელექტროენერგიაზე მოხმარებისა, საქართველო ალბათ ვერ მოიხმარს და შესაბამისად ჩვენ გვრჩება საექსპორტო პოტენციალი. ხოლო იმისთვის, რომ ჩვენ უფრო დივერსიფიცირებული გვქონდეს ბაზრები, ზუსტად ამიტომ ვახორციელებთ ასეთ სტრატეგიულ პროექტს. დღეს იცით, რომ ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარი აროს თურქეთი. თურქეთი მნიშვნელოვანი, საინტერესო ბაზარია, სადაც მიმზიდველია ეკონომიკური კონიუნქტურა. ენერგეტიკის კუთხით, ფასები საკმაოდ მაღალია, თუმცა რა თქმა უნდა გარკვეული შეზღუდვები არსებობს და გადაცემის რესურსების კუთხით დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 700 მგვტ-ის რესურსი, რომ მუდმივ რეჟიმში გვქონდეს ექსპორტირებული. რა თქმა მოიაზრება დამატებითი ინვესტიციები, რომ იგივე თურქეთთან გვქონდეს უფრო მეტი მიმოცვლის საშუალება, მაგრამ რაც უფრო დივერსიფიცირებულები ვიქნებით, რა თქმა უნდა ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკისთვის. ვფიქრობთ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ გენერაციაში გვექნება მნიშვნელოვანი ინვესტიციები მომავალ წლებში და ეს არის როგორც კერძო ინვესტიციები, ასევე სახელმწიფოს ჩართულობით მოხდება განვითარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება და ქსელების ნაწილში ინვესტიციების განხორციელება მეტად იმისთვის, რომ სრულად ავითვისოთ ენერგეტიკული პოტენციალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროექტები, რომლებიც შეჩერებულია და ეკონომიკური და ენერგეტიკული კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი პროექტები იყო და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ პროექტებს, სათანადო დამატებითი კვლევების შემდეგ განვავითარებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ენერგოსექტორის სტაბილურობისთვის. ვსაუბრობთ რეზერვუარიან პროექტებზე, რომელსაც უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს სისტემის სტაბილურობისთვის, ვიდრე დავუშვათ იგივე მოდინებაზე არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს და ა.შ“, – განაცხადა მინისტრმა.