ლევან დავითაშვილი - საქართველოს აქვს სერიოზული პერსპექტივა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი
საქართველოს აქვს სერიოზული პერსპექტივა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი. აეროპორტების განვითარებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მთელი რიგი მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებას, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რამდენიმე სატრანსპორტო პროექტზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. მისი თქმით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპისთვის შეირჩა ორი პრეტენდენტი.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მათ მიეცათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად რამდენიმეთვიანი ვადა, წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად კი კომისია გამარჯვებულს გამოავლენს. ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი.
ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებად რკინიგზა და მისი მოდერნიზაცია დაასახელა. მისი თქმით, დაიწყო სარკინიგზო დარგის რეფორმა, რომლის შედეგადაც დაინერგება სარკინიგზო სისტემის ევროპული მოდელი – გაიზრდება უსაფრთხოება, გაიზრდება დარგის ეფექტიანობა და კონკურენტუნარიანობა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი – შედეგად საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.
კიდევ ერთი სატრანსპორტო მიმართულება, რომელზეც ვიცე-პრემიერმა გააკეთა აქცენტი, ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაა. მისი თქმით, დარგის რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხი, გაიზრდება კონკურენტუნარიანობა, ხოლო უსაფრთხოების დონის ამაღლდება.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში მოწესრიგდება საკრუინგო კომპანიების, ანუ მეზღვაურთა დამსაქმებელი სააგენტოების საქმიანობა და მათ აეკრძალებათ სახელმწიფოს მხრიდან სერტიფიცირების გარეშე საქმიანობა, რითიც მაქსიმალურად იქნება დაცული მეზღვაურთა უფლებები. მისი თქმით, ამოქმედდება ცვლილება კანონში „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომლითაც მეზღვაურთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება.