ლევან დავითაშვილი - საქართველომ, რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად გაუარესებული ეკონომიკური პერსპექტივების ფონზე, მდგრადობა შეინარჩუნა
მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს და 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერშიც ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10% შეადგინა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით, საქართველო 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დააასრულებს.
ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული საქართველოს ეკონომიკური მემორანდუმის, „მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ასახავს საქართველოს მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ასევე, რეკომენდაციებს დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით, რათა ქვეყანამ შესძლოს წარმატების მიღწევა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესებისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების კუთხით.
„ჩვენ მზად ვართ, განვამტკიცოთ ეს წარმატება და გავაძლიეროთ მუშაობა პროდუქტიულობის ხელშემწყობი რეფორმების მხარდასაჭერად, საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესებით, საქართველოს ინტეგრაციის გაზრდით მსოფლიო ღირებულების ჯაჭვებში და ახალი შესაძლებლობების გახსნით დიგიტალიზაციისა და ინოვაციებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობა 30 წელზე მეტს ითვლის და მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავარი პარტნიორია ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, მათ შორის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ინფრასტრუქტურის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა თუ კვლევა-განვითარების კომერციალიზაციის მიმართულებით.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ეკონომიკის განვითარების კუთხით, მათ შორის მოახერხა და ათწლიან პერსპექტივაში გაანახევრა სიღარიბის დონე, რაც ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევაა. ამასთან, საქართველომ აჩვენა მდგრადობა საერთაშორისო ეკონომიკური შოკების მიმართ, რაც იყო კიდეც პრეზენტაციაში აღნიშნული, და 2019 წელს საქართველო გახდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა. თუმცა, ეს ყველაფერი საქართველოს წარმატებისკენ გზის დასაწყისია და ის უკვე გადის მთავრობის მიერ გასატარებელ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებზე, სადაც ასევე მოვიაზრებთ მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს კომპლექსური სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ეკონომიკური მიზნების მიღწევას და კერძო სექტორით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, მათ შორის ისეთ რეფორმებს, როგორებიცაა სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა ფისკალურად მდგრადი მექანიზმებით და კაპიტალის ბაზრის რეფორმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, რომლის გამოყენების მიმართულებითაც თანამიმდევრული პოლიტიკა ხორციელდება. მისი შეფასებით, საქართველოზე გამავალ სატრანზიტო დერეფანს დიდი პერსპექტივები გააჩნია.
„საქართველო პოზიციონირებს, როგორც საიმედო და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. აღნიშნულ საზღვაო დერეფანს სჭირდება მეტი პირდაპირი, რეგულარული, ფიდერული და საბორნე მომსახურება საქართველოსა და რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის, რაც შეამცირებს ტრანზიტისა და გადაზიდვის დროს და გახდის მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს. ამასთან, სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.