ლევან დავითაშვილი - საქართველომ კონსენსუსით მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იყვნენ გამორჩეულად მხარდამჭერი ქვეყნები, ყველაზე მეტად საქართველოს მხარდამჭერი ჰყავდა უნგრეთის სახით
ლევან დავითაშვილი - საქართველომ კონსენსუსით მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იყვნენ გამორჩეულად მხარდამჭერი ქვეყნები, ყველაზე მეტად საქართველოს მხარდამჭერი ჰყავდა უნგრეთის სახით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანსა და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ვიქტორ ორბანის კრიტიკა და მის მიმართ ქილიკი მიუღებელია.

„ვიქტორ ორბანს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. საზოგადოებამ დაინახა, რა ცალსახა და მკაფიო იყო უნგრეთის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისასაც, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ყველაზე მეტად მხარდამჭერი საქართველოს ჰყავდა უნგრეთის სახით, თუმცა ასევე მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მხარდაჭერისთვის. ეს არის საგარეო პოლიტიკის წარმატების შედეგი. დიალოგი, ურთიერთობა, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა პარტნიორებთან, საბოლოოდ გადაიზარდა და გადაითარგმნა მკაფიო მხარდაჭერაში. საქართველომ კონსენსუსით მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იყვნენ გამორჩეულად მხარდამჭერი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სტატუსის მიღებას მხარს უჭერდნენ, მათ შორის გასულ წელს, წინა წლებში და მკაფიოდ აფიქსირებდნენ ამ მხარდაჭერას მიმდინარე წელსაც. ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით ქილიკი მიუღებელია, უპასუხისმგებლოა ჩვენი მეგობრების დამოკიდებულების კონტექსტში. ეს არ არის ღირსეული და ქართველებს არ შეგვეფერება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.