ლევან დავითაშვილი - საქართველო შეფასდა, როგორც სტაბილური, უსაფრთხო და სანდო პარტნიორი, ჩვენ პრიორიტეტად ვაქციეთ, ვიყოთ მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის
თანამშრომლობა და კოორდინაცია ჩვენ ქვეყნებს და ბიზნესსაზოგადოებებს შორის არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ ეტაპზეა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანა მიისწრაფვის განავითაროს ხელსაყრელი, პროგნოზირებადი, ბიზნესმეგობრული ეკონომიკები და ამ გზას მიჰყვება საქართველოც.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო შეფასდა, როგორც სტაბილური, უსაფრთხო და სანდო პარტნიორი.
„ყველა ქვეყანა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, თამაშობს მნიშვნელოვან როლს არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკის განვითარებაში, არამედ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა შუა დერეფნის ქვეყნებისა და მიმდებარე ქვეყნების წარმატებაში. თანამშრომლობა და კოორდინაცია ჩვენს ქვეყნებს და ბიზნესსაზოგადოებებს შორის არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ ეტაპზეა. ყველა ქვეყანა მიისწრაფვის განავითაროს ხელსაყრელი, პროგნოზირებადი, ბიზნესმეგობრული ეკონომიკები და ამ გზას მიჰყვება საქართველოც. ჩვენი ქვეყანა შეფასდა, როგორც სტაბილური, უსაფრთხო და სანდო პარტნიორი. ჩვენი პოზიტიური ეკონომიკური ტრაექტორია არის შედეგი კარგად გააზრებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სტრატეგიული რეფორმების და ჩვენი ამბიციის, რომ საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩო ევროკავშირის სისტემასთან გათანაბრდეს. ამ გზაზე ჩვენ პრიორიტეტად ვაქციეთ, ვიყოთ მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის. ალბათ იცით, რომ საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი ქვეყნების ინდექსით მერვე ადგილზეა. რეფორმები არ არის დასრულებული და საკანონმდებლო ბაზის შემდგომ დასახვეწად ჩვენ ჩართული ვართ ახალი საინვესტიციო კანონის შემუშავებაში“, – განაცხადა დავითაშვილმა.