ლევან დავითაშვილი - საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს, გადაწყვეტილებები, მათ შორის ნავთობპროდუქტებთან მიმართებით შეთანხმებულია პარტნიორებთან, შეგვიძლია, საკითხი დავხუროთ
ლევან დავითაშვილი - საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს, გადაწყვეტილებები, მათ შორის ნავთობპროდუქტებთან მიმართებით შეთანხმებულია პარტნიორებთან, შეგვიძლია, საკითხი დავხუროთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. მისივე თქმით, საქართველო სანქციებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით იცავს და ამ კუთხით არც ერთი შენიშვნა არ მიუღია.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ხაბეიშვილი საქართველოში რუსეთიდან სანქცირებული ნავთობის შემოტანაზე საუბრობს და „ვისოლ ჯგუფს“, „ლუკოილს“, „არაგვი იმპექსს“ ადანაშაულებს და კომპანიებისგან რეაგირებას მოითხოვს.

როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დასახელებული კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი სანქცირებული არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განვმარტოთ და მინდა, სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ამ კუთხით საქართველოს მიმართ არც ერთი შენიშვნა არ არსებობს. კონკრეტულად ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული, ასეთივე ნავთობს ყიდულობს საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოშიც კერძო კომერციული კომპანიების მხრიდან გადაწყვეტილებები მიიღება ზუსტად იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჟო სტრუქტურებს ჰქონდა სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული მუშაობა. ყველა სახელმწიფო უწყება, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელი იყო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად ჩართული პროცესში, როდესაც ხდებოდა სანქციების კონკრეტული აღსრულების მექანიზმების განმარტებები. გადაწყვეტილებები, მათ შორის ნავთობთან ან ნავთობპროდუქტებთან მიმართებით შეთანხმებულია, შეჯერებულია და გავლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასე რომ, შეგვიძლია, ეს საკითხი დავხუროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.