ლევან დავითაშვილი - სანქციებთან დაკავშირებით, საქართველო არის კონსენსუსით მიღებული ყველა საერთაშორისო გადაწყვეტილების ნაწილი და პარტნიორებთან შეთანხმებებს იცავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა ძალიან მკაფიო განმარტებები.
მისი თქმით, საქართველო არის ყველა იმ საერთაშორისო გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც მიღებულია კონსენსუსით.
ამასთან, დავითაშვილის განმარტებით, საქართველოს ჰქონდა ყველაზე მკაფიო პოზიციები ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც დაგმობილია აგრესია და საქართველო არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე გამოკვეთილი მხარდამჭერი.
„საქართველო, რა თქმა უნდა, მკაფიოდ იცავს იმ შეთანხმებებს, რომელიც ჩვენ გვაქვს პარტნიორებთან. ეკონომიკას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, თქვენ დაინახეთ საქართველოს ყველაზე მკაფიო პოზიციები ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც, რა თქმა უნდა, დაგმობილია აგრესია. საქართველო არის ყველაზე გამოკვეთილი მხარდამჭერი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ინდივიდუალურ სანქციებს კი ბევრი ქვეყანა არ აწესებს.
„რაც შეეხება ეკონომიკურ, ინდივიდუალურ სანქციებს, რომელსაც ცალსახად საქართველო ცალმხრივ რეჟიმში არ აწესებს, ძალიან ბევრი ქვეყნის მხრიდან არსებობს ამის მაგალითი, მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ინდივიდუალურ სანქციებს თვითონაც არ აწესებენ. საქართველოს თავისი სპეციფიკიდან გამოდინარე, აქვს ამ გადაწყვეტილებების საფუძველი. ეს ბევრ ფაქტორს უკავშირდება და ჩვენ ყველას კარგად გვესმის ეს ფაქტორები – საქართველოს მხრიდან ასეთი სანქციები რუსეთის ეკონომიკისთვის შეიძლება, არაფრისმომტანი იყოს, საკმაოდ დამაზიანებელი კი იყოს ინდივიდუალურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ხშირად თვითონ არიან დაკავშირებული სხვადასხვა ფორმით (მათი ეკონომიკა იგულისხმება) და ისევ შეიძლება დავამძიმოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, რაც ჩვენს ინტერესში არ არის. ასე რომ, ამ საკითხზე სპეკულირებას, ვფიქრობ, საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამავდროულად, ლევან დავითაშვილი უპასუხისმგებლოს და ამორალურს უწოდებს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
„ეს განცხადებები აზიანებს საქართველოს ინტერესებს და ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან. სრული ინფირმაცია აქვთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. ფინანსთა სამინისტროს აქვს გაძლიერებული მონიტორინგის მექანიზმები, რათა ასეთი რამ არ მოხდეს და ჩვენ ინფორმაციას ვუზიარებთ ყველა ფორმატში ჩვენს პარტნიორებს. სამწუხაროა, რომ ხდება ამ თემის სპეკულირება და გრძელდება არაერთი დღეა, ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება. ვფიქრობ, ეს არის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც აზიანებენ თავისი ქვეყნის ინტერესებს. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება – ეს არის კადრების გამოყენება, რომელსაც არ აქვს საფუძველი და რეალობასთან არანაირი კავშირი. არაერთი კონკრეტული განცხადება გაკეთდა საქართველოს რკინიგზის მხრიდან, საქართველოს ოფიციალური სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან, რომელიც არის კონკრეტულად ინფორმაციაზე/ფაქტებზე დაფუძნებული. სხვა მხრიდან კი ჩვენ ვისმენთ უბრალო ცრუ ბრალდებებს და სპეკულირებებს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.