ლევან დავითაშვილი - სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს
ლევან დავითაშვილი - სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს

ჩვენი მევენახე ფერმერები თავიანთი შრომით მოწეული პროდუქტის რეალიზებას მოგებით შეძლებენ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან პოპულისტური ნაბიჯები მოსახლეობის ინტერესებს კიარ პასუხობს, აზიანებს.

„იცით, რთველი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. დღეღამური გადამუშავება 10 000 ტონას ღემატება. ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში, 60 000 ტონა ყურძენია ინდუსტრიულად გადამუშავებული. ყურძნის სიმწიფე კარგია ყველა მუნიციპალიტეტში და ახლა, ყურძნის კრეფა და ჩაბარება ადგილწარმოშობის ზონებში – გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაიწყება.

მინდა, გამოვეხმაურო გარკვეული პოლიტიკური ძალების აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედებებს. ეს არის პოლიტიკური პოპულიზმი, საკმაოდ მდარე, პოპულისტური ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს, არანაირად არ პასუხობს მათ ინტერესებს, პირიქით, აზიანებს ფერმერების ინტერესებს და ხელს უშლის პროცესის სწორად, ლოგიკურად წარმართვას.

იმ პერიოდში, როდესაც „კოვიდ 19“-ის პანდემიის გამო გართულდა გაყიდვები, ტურისტული ინდუსტრია, რომელიც არის ძირითადი მყიდველი, იყო შეზღუდული, HORECA სეგმენტს ჰქონდა დარტყმა ყველა სამიზნე ბაზარზე, განსაკუთრებით გართულდა პრემიუმ ხარისხის პროდუქციის რეალიზაცია. წინასწარი შეფასებით, პრაქტიკულად, მოსავლის 80 პროცენტი იქნებოდა ჩაუბარებელი, რადგან კერძო სექტორში არ იქნებოდა საკმარისი ფინანსური რესურსი ბაზარზე ყურძნის შესაძენად. იმ ღონისძიებების შედეგად, რომელიც ჩავატარეთ, ჩვენ შევძელით, კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაზრდა. ამავე დროს, ავამოქმედეთ მეორე ინსტრუმენტი, რომელიც უკავშირდება პირდაპირ ფასებს. ეს არის რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე პირდაპირი სუბსიდირება, რომელიც ერთ კილოგრამ ყურძენზე დაახლოებით, 30 თეთრით განისაზღვრა.

დაიდო პირობა, რომ მინიმალური ფასი, რომელსაც კომპანიები გადაიხდიდნენ სუბსიდირების, კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, იქნებოდა 80 თეთრი და ეს არის ის საფასო ნიშნული, რაც ჩვენი მევენახე ფერმერების ინტერესების დაცვას პასუხობს და რა თქმა უნდა, ისინი მოგებით შეძლებენ თავიანთი შრომით მოწეული პროდუქტის რეალიზებას. სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ასევე, გამოიყო სახსრები სახელმწიფო კომპანიისთვის, რათა ყველა ღონისძიების მიუხედავად, ჭარბი მოსავლის დარჩენის შემთხვევაში, მან ჩაიბაროს და გადაამუშაოს ყურძენი. ეს იმ პირობებში, როდესაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიღებულია გადაწყვეტილება, უბრალოდ ვენახებში დატოვონ მოუკრეფავი ყურძენი, იმის გამო, რომ ჭარბი სიმძლავრეები, კონკრეტული მოცულობები არ არსებობს, რომ ჩაიწუროს ყურძენი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.