ლევან დავითაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე, როგორც მნიშვნელოვან საფუძველზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებისთვის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ აღნიშნული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება რეკორდულად მცირე დროში – მხოლოდ სამ რაუნდში დასრულდა. აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისადმი ორივე მხარის ერთგულების ნიშანი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მზარდ ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ, 2023 წლის რვა თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გაიზარდა 72%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 276.83 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდება ექსპორტი, რომელიც საანგარიშო პერიოდში 80%-ით გაიზარდა. ითქვა, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ეს დინამიკა კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი გაიხსნება.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება მზარდ თანამშრომლობაზე ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგამბულობის, ინოვაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამთო-მოპოვებით სექტორებში.
შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას „ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.