ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრას, ასევე, მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და სავალუტო ფონდის მისიის წევრები ესწრებოდნენ.
ლევან დავითაშვილმა სავალუტო ფონდის მისიას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების კუთხით. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს აქტიურ მუშაობას ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერების, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სახელმწიფო საწარმოების და სხვა მაკროეკონომიკური რეფორმები.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები და ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის და ეფექტიანობის ზრდას, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებას, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და, შესაბამისად, პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მათ შორის, საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს და იმ განახლებადი ენერგიის ობიექტებს, რომელთა განვითარებაც მთავრობის მიერ სავალუტო ფონდთან შეთანხმებული განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში განხორციელდება.
მხარეებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკული ბაზრის გახსნის სხვადასხვა საკითხი და ხაზი გაუსვეს კერძო კომპანიების მხრიდან გამოხატულ მაღალ აქტივობას, რაც განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში დაფიქსირდა.
საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი რეფორმების განხორციელების და, ზოგადად, პროგრამის წარმატებით გაგრძელების მიმართულებით.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.