ლევან დავითაშვილი - რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა, ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც იყო 2020 წელს, ანუ ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ზუსტ სტატისტიკას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გაავრცელებს.
„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ვიზიტს საქართველოში, სტატისტიკა არის შემდეგი. დეტალური ინფორმაცია, რიცხვები არ მახსოვს, მაგრამ შს მინისტრს ექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას გააცნობს. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ, მათ შორის კოლეგებთან მთავრობის სხდომაზე. სტატისტიკა საინტერესო იყო ყველა ჩვენგანისთვის. შს მინისტრს უახლოეს მომავალში ექნება საჯარო გამოსვლა პარლამენტში და გააკეთებს დეტალურ ანგარიშს. ეს ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით – საინტერესოა. საზოგადოებაში დავინახეთ, რომ ბევრი საკითხი ძალიან ემოციურად არის აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. დაახლოებით, თუ არ ვცდები, რიცხვები არის 20-25 ათასი ადამიანი. ეს დაახლოებით ის რანგია, რაც იყო 2020 წელს, ანუ ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა, შესადარისი არ არის 2021 წელთან იმიტომ, რომ 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, იყო მკაცრი იზოლაციის რეჟიმი პანდემიიდან გამომდინარე, ამიტომ 2020 წელს იგივე რანგია. რიცხვებით საუბარი, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკის შემცველია, ასე არ არის.
რაც შეეხება დამატებით შეზღუდვებს მოქალაქეების საქმიანობაზე, საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებისთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩვენთან დღეს ჩამოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან, ალბათ საინტერესოა იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის გახსნილი გახლდათ და გახსნილია. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა უკვე ათწლეულებია, რათა მოვიზიდოთ მეტი ადამიანი საქმიანობისთვის და ასეთი გახსნილი, ლიბერალური, მათ შორის სავაჭრო რეჟიმები გვაქვს ზოგადად ქვეყანას. ამიტომ ადამიანები თუ რეჟიმს რეალურად გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ტოლერანტობა ყოველთვის ასეთი იყო, რომ ეროვნების მიუხედავად ან სხვა ნებისმიერი მახასიათებლის მიუხედავად, იქნება ეს რელიგია თუ სხვადასხვა, ჩვენ მივცეთ ადამიანებს სწორად, ლეგალურად და კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, რაც ეხება შეზღუდვებს, მისივე თქმით, „ყველა ჩვენი მაკონტროლებელი ორგანო ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები და სანქცირებული პირების ბიზნესები იყოს მიკვლევადი“.
„ამაზე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს კიდეც პირად შეხვედრებში და საჯაროდაც, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად საერთაშორისო გადაწყვეტილებების ზედმიწევნით შესრულება, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველსავე დღეებში სწორად დაიწყო აღსრულება იგივე სანქცირებული ბანკების მიმართ გადაწყვეტილებების ნაწილში, მათ შორის საქართველოში ოპერირებადი ბანკების კუთხით და პროცესი წარვმართეთ ერთი მხრივ ისე, რომ რეალურად საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესი არ დაზიანდეს, ხოლო მეორე მხრივ, ვიყავით პირნათელი ყველა იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებასთან, რომელიც მიიღეს ამ საფინანსო ინსტიტუტების მიერ ისე, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვანი სანქციების თუ გადაწყვეტილებების ნაწილი იყო. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. საქართველოში შემოვლენ პირები, რომლებსაც ექნებათ სუფთა თავისი რეკორდი. ამას ძალიან მკაფიოდ აკონტროლებს შსს. ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოში იმსახურებენ, რომ შემოვიდნენ და ასევე საქართველოში საქმიანობა იქნება შესაბამისობაში ჩვენს მოთხოვნებთან პირველ რიგში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან და იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებებთან, რომლებიც არსებობს. სიტუაცია სენსიტიურია, გვესმის, ამიტომ ყურადღება უფრო მეტადაა გაზრდილი ჩვენი მხრიდან და ამ კონტექსტში გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.