ლევან დავითაშვილი - როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით ხელშესახები შედეგები უკვე სახეზეა
საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების, აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდის უზრუნველყოფაზე, ასევე სასურსათო უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე.
„ჩვენი მუშაობის სწორი პოლიტიკისა და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგად, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით ხელშესახები შედეგები უკვე სახეზეა. ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის.
გარემო დაცვითი მოთხოვნები, რამდენადაც დიდ ფინანსურ ხარჯებს არ უნდა ითვალისწინებდეს, არის ჩვენი საკონსტიტუციო უფლება და მნიშვნელოვანია. გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით უმნიშვნელოვანესია, აღინიშნოს, რომ 2018 წელს, მივიღეთ გარემოსდაცვითი მოქმედებათა ეროვნული პროგრამა, ეს არის მესამე „ნეაპი“, რომელიც განსაზღვრავს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს და მასში კონსოლიდირებულია ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები, ევროკავშირით განსაზღვრული დღის წესრიგი, კონვენციებით აღებული ვალდებულებები და ჩვენი ეროვნული ინტერესები. 2018 წლიდან, საქართველოში ამოქმედდა გარემოს ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოს შეფასების ახალი პროცედურები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკის და მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, უწყებამ უკვე დაიწყო გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რაშიც საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა კანონით არის გარანტირებული.
„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც უკავშირდება გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების ანგარიშს, რომელიც 2014-2017 წლებს მოიცავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის ცვლილებების ეროვნულ დონეზე განსაზღვრული დოკუმენტი 2021-2030 წლისთვის დამტკიცდება. იგეგმება სამრეწველო ობიექტებისთვის ინტეგრირებული სანებართვო სისტემის დანერგვა, რითაც მათ დაუდგინდებათ გაფრქვევების თანამედროვე ევროპული ნორმები. ჩამოყალიბდება ერთიანი ეროვნული სისტემა. ასევე ვგეგმავთ, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობების ახალი კანონის მიღებას, მაღალი პრინციპების მიხედვით, რომელიც მოახდენს გარემოსდაცვითი კუთხით არსებული პრობლემის პრევენციას. ამასთანავე, გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც უკავშირდება რამდენიმე გარემოსდაცვით მიმართულებას“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
მისი თქმით, წყალთან დაკავშირებით მომზადდა ახალი კანონპროექტი, რომლითაც ქვეყანაში სააუზო მართვის სისტემა იქნება შემოღებული. დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაამტკიცებს.
„ამასთან, შევქმენით ახალი ლაბორატორია, რომელიც წყალზე და ნიადაგზე მუშაობს და, რომელმაც უკვე მიიღო აკრედიტაცია. ამასთანავე, ფართოვდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებზე მონიტორინგის არეალი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა ნარჩენების მართვის პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს პლასტიკის პარკების გამოყენებაზე აკრძალვა. ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიმდინარე ან მომავალ წელს იგეგმება აღნიშნული რეგულაციის დანერგვა. ახალი რეგულაციით, ჩვენ შევძელით, ქვეყანაში პლასტიკის გამოყენების შემცირება. ამან მომხმარებელში, ფაქტობრივად, ახალი ქცევა დაამკვიდრა. საქართველოში დაახლოებით ასობით ცელოფნის პარკი მოიხმარებოდა, როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი 10-15 შეადგენს. მნიშვნელოვანია, ნარჩენების პოლიტიკის მიმართულებით, ახალი რეგულაციების აღნიშვნაც. ეს არის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღება, რაც უზრუნველყოფს მწარმოებლების პასუხისმგებლობის გაფართოებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, იგეგმება ახალი კანონპროექტის შემუშავება ნარჩენების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის რეგულირების კუთხით.