ლევან დავითაშვილი - რეალურად, საცალო ქსელში დღეს იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი, ველოდებით საწვავზე ფასების კლებას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიიჩნევს, რომ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმების მოთხოვნა შესაბამისი ზომა არ არის და მსგავს საკითხებს ფრთხილად უნდა მიუდგნენ.
ლევან დავითაშვილის თქმით, სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია შესაძლოა, იყოს.
ამასთან, დავითაშვილის განმარტებით, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ბაზარზე გამოჩნდეს უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი და გარკვეულწილად, პიკურმა ფასებმა გადაიაროს. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეალურად, დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი.
„ზოგადად გეტყვით, რომ მთავრობაში მიდის მსჯელობა დაზღვევის მექანიზმებზე. სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია შესაძლოა, იყოს. მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა გადასახადების გაუქმებას, ვფიქრობ, არ არის შესაბამისი, ადეკვატური ზომა. ჩვენ დავაკვირდებით არსებულ სიტუაციას. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რათა ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, არ დაირღვეს და არ ჰქონდეს ამას ძალიან ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე არ იმოქმედოს. თუმცა, გვესმის რა ამ საკითხის მგრძნობიარობა, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და შეიძლება უფრო უპრიანი იყოს აქ სხვა გადაწყვეტილებები. საწვავთან დაკავშირებით იმასაც გეტყვით, რომ რეალურად, დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკში არის შეძენილი. გვაქვს უშუალო ურთიერთობა იმპორტიორებთან, გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი შეიძლება გამოჩნდეს ბაზარზე და გარკვეულწილად პიკური ფასები გადაივლის. შესაძლოა, ნაკლები ფასები ჰქონდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამიტომ, პირდაპირ მინდა გითხრათ, საწვავის ფასების კლებას ველოდებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამავდროულად, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები, ბუნებრივია, თავის ასახვას პოვებს მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ მდგომარეობაზე მთელ მსოფლიოში.
„საქართველოც, სამწუხაროდ, იხდის ამ ომის გადასახადს ეკონომიკური კუთხით, თუმცა მთავრობის ამოცანაა, რომ ეს მაქსიმალურად ნაკლები იყოს. ბუნებრივია, იქნება პრობლემა, მაგრამ იყოს ნაკლები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. საწვავის ფასი ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს არის პრობლემა არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ ბიზნესისთვის, ეკონომიკისთვისაც, რადგან გვესმის, რომ საწვავი მონაწილეობს სხვადასხვა პროდუქტის ფასწარმოქმნაში, ინფლაციაში დიდი წვლილი აქვს და ზოგადად, კონკურენტუნარიანობაში, მაგრამ გვესმის ობიექტური გარემოებები, რომ საქართველოში არ გაზრდილა მხოლოდ. ჩვენი მოლოდინია, რომ არსებობს ახალი კონტრაქტები, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უფრო იაფი ფასით უნდა შემოვიდეს, ამ მოკლე პერსპექტივაში პიკი უკვე გადავლილია, თუმცა იმდენად არაორდინარული სიტუაციაა, გრძელვადიანი პროგნოზის თქმა შეუძლებელია. დამოკიდებულია ისევ ომის მოვლენებზე, როგორ განვითარდება ეს მოვლენები. იმედია, უფრო უკეთესობისკენ და მშვიდობისკენ იქნება სიტუაცია. შესაბამისად, აღარ მოგვიწევს საუბარი უფრო უარეს ეკონომიკურ პირობებზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარდა ამისა, ლევან დავითაშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, გარკვეული პოლიტიკური ძალები საზოგადოებაში არსებულ, მათ შორის პროტესტის სამართლიან მუხტს, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
„რაც შეეხება, ვინ იყვნენ აქციებში მონაწილე ძალები, რა თქმა უნდა, ამაზე ალბათ არსებობს ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები პროტესტის იმ მუხტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, მათ შორის სამართლიანს, რადგან ეს წნეხად აწევს ჩვენს მოსახლეობას, იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არაერთხელ გვინახავს და ეს დასტურდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.