ლევან დავითაშვილი - ქვეყანაში მარაგები კონტროლდება, მოვუწოდებთ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, ცრუ პანიკის გამო უბრალოდ მომხმარებლები დაზარალდებიან
ლევან დავითაშვილი - ქვეყანაში მარაგები კონტროლდება, მოვუწოდებთ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, ცრუ პანიკის გამო უბრალოდ მომხმარებლები დაზარალდებიან

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სურსათის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მონიტორინგს ახორხიელებენ.

დავითაშვილის განმარტებით, მოსახლეობის მხრიდან უკონტროლო შესყიდვების გამო, ბევრ სუპერმარკეტში, თუ საცალო ობიექტში, დღის განმავლობაში ზოგიერთ ასაწონ ბურღულეულზე გარკვეული შეფერხება დაფიქსირდა.

მინისტრი კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მარაგები კონტროლდება და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

„როგორც იცით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენი სამინისტროს მხრიდან კოორდინაცია სხვადასხვა მომწოდებელი რგოლის, რათა ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის პრობლემა არ შეიქმნას. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ვახორციელებთ სრულ მონიტორინგს, ასევე ძირითად პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ეს არის დაახლოებით 22 იდენტიფიცირებული პროდუქტი. იმის გამო, რომ ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ პანიკურ მოთხოვნას და ფაქტობრივად უკონტროლო შესყიდვებს, ბევრ სუპერმარკეტში, თუ საცალო ობიექტში, დღის განმავლობაში ზოგიერთ ასაწონ ბურღულეულზე იყო გარკვეული შეფერხება. ეს არის ერთადერთი მიზეზის გამო გამოწვეული. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მარაგები კონტროლდება ქვეყანაში და მოვუხმობთ მოსახლეობას სიწყნარისკენ.

ვიცით, რომ ეს შეკვეთები არსებობს გზაში. კლიმატური პირობების გამო, ერთი მხრივ ჩვენთან, ფოთში შემოსული გემების ჩამოტვირთვა რთულდება, მეორე მხრივ დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამაკავშირებელ მარშრუტებზე არის სირთულეები და ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი, დაახლოებით ათასზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დღეს დგას ლარსზე იქიდან გამომდინარე, რომ გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო არის შეზღუდული.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პანიკას არ ავყვეთ. სხვა შემთხვევაში ხდება მოკლევადიანად გარკვეული დღეების ან საათების განმავლობაში კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, რაც ისევ მომხმარებელს, მოსახლეობას აზარალებს. ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელი.

მეორე მხრივ, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ბიზნესებს, იყო პრემიერის განცხადებაც, რომ თითოეული ბიზნესი ამ შემთხვევაში უნდა იყოს მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი და არ უნდა გამოიყენოს სიტუაცია სპეკულაციისთვის. თუმცა, ეს პანიკა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს კიდევ ერთხელ ასეთ მოვლენებს, და კიდევ უფრო რთულს ხდის დავუშვათ, პროცესების მართვას. ჩვენ უკვე ველოდებით, რომ 2-3 დღეში სიტუაცია, კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, რათა გზის გაწმენდა მოხდეს და ის უზარმაზარი მარაგი, რომელიც ძალიან დიდია და ჭარბად არის შეკვეთილი, რადგანაც ჩვენ გვქონდა რეგულარული მუშაობა ყველა მომწოდებელთან, ქვეყანაში შემოვა და ცრუ პანიკის გამო, უბრალოდ კონკრეტული მომხმარებლები დაზარალდებიან“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.