ლევან დავითაშვილი - ქუთაისში ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის დაცვით მოხდა
მთავრობის მიერ ქუთაისში ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა,- ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრი გამოეხმაურა მთავრობის მიერ გაცემულ ნებართვას, რომლის მიხედვითაც, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებელ კომპანიას „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 109 ძირი ხის მოჭრის უფლება მიეცა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, გარკვეული მედიასაშუალებები და ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებენ.
„ჩვენს ოპონენტებსა და გარკვეულ მედიასაშუალებებს პოლიტიკურ ჭრილში გადაყავთ ეს თემა, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამხელა სპეკულაციები ხდება ისე, რომ ტექნიკური დეტალები არავის მოუკითხავს. ეს არის 2017 წლიდან დაწყებული თემა, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა გადაწყდა ქუთაისის ტერიტორიაზე. მთავრობის მიერ ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. ამ შემთხვევაში, ეს ფაქტობრივად, არის საშეშე მერქანი და გაიყიდება აუქციონზე, რაც იმის დადასტურებაა, რომ რეალურად იქ იყო დაზიანებული, გამხმარი ხეები, რომელთა ამოღება ისედაც ხდება და სანიტარულადაც საჭიროა. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელებით, იქ ეკოსისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან პროექტი ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს, მათ შორის უკვე არსებული პრობლემების გამოსწორებასაც“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობის 17 მაისის განკარგულებით, ასოციაცია „ატუს“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობა მიეცა. საუბარია იმერული მუხის 60 ინდივიდსა და ძელქვის 49 ინდივიდზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.