ლევან დავითაშვილი - ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია
პანდემიის პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რთველი 2020 და ყურძნის ჭარბი მოსავლის დაბინავება იყო. სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძენი სრულად დაბინავდა. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რთველი 2020“-ის სუბსიდირება განხორციელდა. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბოლო 30 წლის რეკორდული, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება.
„სახელმწიფო სუბსიდირებით, ათასობით მევენახეს 1 კგ რქაწითელის 80 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა. რომ არა სახელმწიფო სუბსიდია, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებს 1 კგ რქაწითელის გაყიდვა 50 თეთრად მოუწევდათ, რაც თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ დაფარავდა. ყურძნის სუბსიდირების თანხამ 51 მლნ ლარს მიაღწია. სახელმწიფო საწარმოებმა მევენახეებისგან ჭარბი ყურძენიც შეისყიდა, რომელზეც კერძოს სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იყო; ჯამში, 83 მლნ ლარის ღირებულების. რომ არა ეს მხარდაჭერა, 10 ათასამდე მევენახე ვერ შეძლებდა 94 ათასამდე ტონა ყურძნის რეალიზაციას. სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბოლო 30 წლის რეკორდული, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილი განმარტავს, ქართული ღვინის საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გასაძლიერებლად, მარკეტინგული აქტიობები დისტანციურ ფორმატებში, ონლაინდეგუსტაციებისა და ონლაინპლატფორმების გამოყენებით გაგრძელდა.
„გააქტიურდა რეკლამები ღვინის ონლაინ-საცალო გაყიდვების რეიტინგულ ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე, ტელევიზიებსა და რადიოებში, შეიქმნა ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები სხვადასხვა სოციალურ მედიაში. შეიქმნა „მცირე მარნების დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, პანდემიის შედეგად დაზარალებული ათეულობით მცირე მარნის 1 500-მდე ბოთლი ღვინის ტრანსპორტირება განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმპორტიორებთან. აღნიშნული აქტიობების შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია, გარდა ჩინეთისა, სადაც წლის დასაწყისში დაფიქსირებული პანდემიის მასშტაბების გათვალისწინებით, ქართული ღვინის ექსპორტი შემცირებულია. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინის დამატება, მეღვინეობის დარგის 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი წარმატება იყო ქართული ტექნოლოგიით, „დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინის“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში დამატების გადაწყვეტილება, OIV-ის გენერალურმა ასამბლეამ 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო. ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო“. „დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მე-8 გახდა. აღნიშნული სიახლის შესახებ, შესაბამისი განმარტება შევა ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების, ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ შეძლონ შესაბამისი შეფასების გაკეთება.
გეოგრაფიულ აღნიშვნებს 2020 წელს ადგილწარმოშობის დასახელების ოთხი ღვინო დაემატა მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების მიმართულებით. საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს, 2020 წელს ოთხი ღვინო დაემატა: „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“. ამ ეტაპზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში “საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელების 24 ღვინოა დარეგისტრირებული“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.