ლევან დავითაშვილი - ქართულ კომპანიებს შესაძლობლობა ექნებათ, ევროპის 27 ქვეყანაში, შესყიდვებით დაინტერესებული საჯარო უწყებებისთვის პროდუქციის მიწოდება მოახერხონ
ქართულ კომპანიებს შესაძლობლობა ექნებათ, ევროპის 27 ქვეყანაში, შესყიდვებით დაინტერესებული საჯარო უწყებებისთვის პროდუქციის მიწოდება მოახერხონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების შესანიშნავად შესრულების შედეგია.
„როგორც იცით, ევროკავშირის მიერ 22 ივლისს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს ანგარიშის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ წლის განმავლობაში ევროკავშირში დაახლოებით 250 ათასზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორ ტრილიონზე მეტი ღირებულების პროდუქციას იძენს და კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და რეგისტრირებული არიან, ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის საშუალება და შესაძლებლობა გაჩნდა. ეს არის შედეგი საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების შესანიშნავად შესრულების. ეს არის სრულყოფილად შესრულების. შედეგად ჩვენ ქართველ შემსყიდველებს, ქართველ კომპანიებს ვუჩენთ შესაძლებლობას, რომ თანაბარ პირობებში ევროპულ კომპანიებთან ერთად, ევროპის 27 ქვეყანაში მოახერხონ პროდუქციის მიწოდება იმ საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც საჯარო შესყიდვებით არიან დაინტერესებული. ვფიქრობ, ქართული ბიზნესისთვის ეს ახალი სტიმული იქნება. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ზოგადად, საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.