ლევან დავითაშვილი - პურის გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ არსებობს
ფქვილის იმპორტიორებსა და მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია, რათა ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მონაცემებით, რათა შეინარჩუნონ ფქვილის ფასი, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პურის გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ არსებობს.
„მოვისმინეთ, რომ ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით, მე არაერთი განცხადება მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ. როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს მათ შორის საგანგებო უფლებებსაც, კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ მე შეიძლება, ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს, რადგან ამას გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა და გარკვეული ზრდა იმავე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა ერთის მხრივ და ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე სასურსათო, მნიშვნელოვან პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. რეალურად იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია, იმისთვის, რომ ფქვილის ფასი, პირველ რიგში, შეინარჩუნონ 10 მარტის მონაცემებით, ვიდრე ზოგადად ფასების გაძვირების წინაპირობები შეიქმნებოდა, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ ფქვილის ფასი“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, პურის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიმართა.
„პურის ინდუსტრიისთვის და პურის ინდუსტრიასთან დღესაც გვქონდა შეხვედრა, ფაქტობრივად შევხვდით ასოციაციას, ასოციაციის წევრ კომპანიებს, რათა თუ არ იქნება წინაპირობა ძირითადი ნედლეულის, ფქვილის გაძვირების, პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოსახლოებას დამატებითი უხერხულობა, დამატებითი პრობლემა არ შეექმნას, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს ეხება. მინდა, აღვნიშნო ბიზნესის სოლიდარობის შესახებ, ამ საგანგებო პირობებში, მათ შორის ჩვენთან მჭიდრო კავშირშია და გვეხმარება სხვადასხვა რესურსით, ეს იქნება ფულადი დახმარება თუ სხვადასხვა მნიშვნელოვანი, საჭირო საქონლის და მომსახურების შეძენა, რომელიც აუცილებელია პროცესის სწორად წარმართვისთვის. მათ შორის პირველადი, ძალიან მნიშვნელოვანი პირველადი სამედიცინო ინვენტარის შეძენაშია ბიზნესი ჩართული, მაგრამ ამავე დროს, ძალიან პრინციპულები და მკაცრი ვიქნებით იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც შეიძლება მტკივნეულად აისახოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პროცესს ვადევნებთ თვალყურს, გვაქვს სრული მონიტორინგი და კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.