ლევან დავითაშვილი - პრემიერის შეფასებები არსებული რეალობის შესაფერისია, უშინაარსო, არაკომპეტენტურ გამოხდომებზე მისი მხრიდან არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არსებული რეალობის შესაფერისია.
აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ირაკლი ღარიბაშვილის ლექსიკა წინასაარჩევნო პერიოდში ხომ არ არის სიძულვილის ენის გამოყენება“.
დავითაშვილის განმარტებით, სამწუხაროდ, პოლიტიკური ველი საქმიანი, აზრიანი კრიტიკისგან დაცლილია და უშინაარსო, არაკომპეტენტურ განცხადებებს პრემიერის მხრიდან ადეკვატური პასუხი ეცემა.
„პრემიერის შეფასებები არის შესაფერისი იმ რეალობის, რაც ჩვენ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, პრემიერის კომენტარები არის ძალიან კონკრეტული ოპონენტების დასმულ საკითხებზე. ნებისმიერ ჩვენს საარჩევნო კამაპანიაში ერთად ვიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად, ერთად გვაქვს შეხვედრები რეგიონებში და, შესაბამისად, რასაც ვუყურებ, არის ადეკვატური შეფასება ნებისმიერ საკითხში, რაზეც პრემიერს ბოლომდე ვეთანხმები. ეს ეხება როგორც წარსულს, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დანაშაულებრივ ქმედებებს, გამოვლინებებს ოპონენტების, ისე დღევანდელ ქმედებებს, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო კირიტიკას, ხშირ შემთხვევაში, მათ არაკომპეტენტურ კრიტიკას. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური ველი არის დაცლილი საქმიანი, აზრიანი კრიტიკისგან, რაც მთავრობას ასე რიგად სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს „ქართული ოცნების“ მთავრობა, თუ სხვა მთავრობა, სჭირდება, რომ ქვეყანა უკეთესად ვითარდებოდეს და დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობდეს ქვეყანაში. ჩვენ ამის სანაცვლოდ ვიღებთ აბსოლუტურად უშინაარსო, სამწუხაროდ, არაკომპეტენტურ გამოხდომებს და პრემიერის მხრიდან ამაზე აბსოლუტურად ადეკვატური პასუხია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.