ლევან დავითაშვილი - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი დღიდან დავიწყეთ ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარება, უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს დავეხმარეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან კოორდინაციით, უკვე გაუწია დახმარება უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი დღიდან დავიწყეთ ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარება. პირველივე დღიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი, რომლითაც უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, შეეძლოთ, უსასყიდლოდ განთავსება საქართველოს სასტუმროებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენმა სამინისტრომ მჭიდროდ ითანამშრომლა კერძო სექტორთან და ისინიც უსასყიდლოდ სთავაზობენ სასტუმრო ადგილებს უკრაინის მოქალაქეებს. ყველა იმ მოქალაქეს, რომლებსაც, პრობლემებიდან გამომდინარე, დაბრუნების საშუალება არ აქვს, შეეძლებათ უსასყიდლოდ განთავსდნენ საქართველოს სასტუმროებში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.