ლევან დავითაშვილი - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2021 წელს ჩვენ დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური დაფინანსება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2021 წელს ჩვენ დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური დაფინანსება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით სამინისტროს აქვს 50 მილიონ ლარიანი საგრანტო თანადაფინანსება სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2021 წელს ჩვენ დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური დაფინანსება. ეს აქამდე არასოდეს გაგვიკეთებია. ჩვენ გვქონდა პილოტი პროგრამები, მაგრამ ბიუჯეტი იყო ყოველთვის შეზღუდული. ჩვენ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გვაქვს 50 მილიონ ლარიანი საგრანტო თანადაფინანსება სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად. ეს თავის თავში მოიცავს როგორც მცირე მექანიზაციას, ისე საშუალო და მსხვილი მექანიზაციის თანადაფინანსებას. საგრანტო ნიშნავს, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს და უკან ფულს არ ითხოვს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იაფი, შეღავათიანი საკრედიტო რესურსები ან ლიზინგის პროდუქტი, რაც ნიშნავს, რომ ბანკში თქვენ იღებთ სესხს ან ლიზინგის კომპანია გაძლევთ რესურსებს, რომლის საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს სახელმწიფო იხდის და ეს ფაქტობრივად იაფი ფულია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.