ლევან დავითაშვილი - პირველად არის, რომ ჩვენი ექსპორტი მილიარდ დოლარს გადაცდა, მილიარდ 150 მილიონი დოლარის ექსპორტიდან 70% არის დასრულებული პროდუქტი
პირველად არის, რომ ჩვენი ექსპორტი მილიარდ დოლარს გადაცდა, რითაც ვამაყობთ და მილიარდ 150 მილიონი დოლარის ექსპორტიდან დიდი ნაწილი, 70% არის დასრულებული პროდუქტი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„ეს არის როგორც ჩამოსხმული მინერალური წყლები, ისე გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული. ეს არის ალკოჰოლური სასმელები, ღვინო და ა.შ. რა თქმა უნდა, მეხილეობის პროდუქტი არის გადამუშავებული ფორმით. იგივე, თუ აქამდე საქართველოდან გადიოდა გაუტეხავი თხილი, ან სხვა კაკლოვანი კულტურები, დღეს, იგივე თხილის გადამამუშავებელი ინდუსტრია არის აბსოლუტურად თანამედროვე და ყველაზე მაქსიმალური სტანდარტების შესაბამისი. შესაბამისად, აქ იწარმოება ფაქტობრივად, ყველა პროდუქტი, როგორიც არის პასტა, დაქუცმაცებული პროდუქტი, მოხალული და სხვა, რაც შეიძლება, ასეთი პროდუქტებისგან იწარმოებოდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ საქართველოში საკონდიტრო ინდუსტრია განვითარდება, რადგან ქვეყანაში ბევრი სანედლეულო რესურსი არსებობს იგივე სამრეწველო პროდუქტების მიმართულებით.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში მსუბუქი მრეწველობის ძალიან ბევრი მიმართულებით განვითარდა ადგილობრივი წარმოება.
„ბოლო პერიოდში მსუბუქი მრეწველობის ძალიან ბევრი მიმართულებით დავინახეთ ადგილობრივი წარმოება. ბევრი სამშენებლო მასალა, რომელიც ადრე იმპორტირებული იყო, ჩანაცვლდა და ადგილზე იწარმოება. ეს იქნება ჩვენი გზა და ამ კუთხით კიდევ უფრო აქტიური ვიქნებით. რასაც დღეს ვყიდულობთ და შემოგვაქვს, ადგილზე წარმოების საშუალება გაგვაჩნია და მიზანშეწონილობა არსებობს, ჩვენ ამის მაქსიმალურ მხარდაჭერას მოვახდენთ ადგილზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, დავითაშვილმა განაცხადა, რომ დღეს, მისი დავალებით, „აწარმოე საქართველოს“ გუნდი და მისი მოადგილე უშუალოდ არიან ჩართული პროცესში, მათ ათასობით სასაქონლო კოდის ანალიზი გააკეთეს და ხდება იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომელზეც მეტი აქცენტი უფრო მიზანშეწონილი იქნება.
როგორც ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში ყველაფერს ვერ შევქმნით და ეს მიზანშეწონილიც არ არის.
„გლობალური მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების პირობებში არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაფერს ერთ ადგილზე ქმნის. პირიქით, არის საკმაოდ ინტენსიური მიმოსვლა. ჩვენ შეიძლება, სხვის ნედლეულზე დამატებითი ღირებულება აქ შევქმნათ და სხვა პროდუქტი გავიტანოთ, მაგრამ ეკონომიკის ტრანსფორმაცია ბოლო წლების განმავლობაში ზუსტად ამ კუთხით მიდის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.