ლევან დავითაშვილი - ოპოზიცია საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს იმის თქმით, რომ ევროპამ მოიღო მოწყალება და მაინც არ დაგვტოვა გარეთ, ეს საქართველოს როლის უგულებელყოფაა
ოპოზიცია საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს იმის თქმით, რომ ევროპამ მოიღო მოწყალება და საბოლოოდ, მაინც არ დაგვტოვა გარეთ, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„გასაგებია, რომ ხელისუფლების დამსახურებაზე საუბარი შეიძლება, ეუხერხულებოდეთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების დამსახურება. ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართულობა, რომ არაფერი ვთქვათ საჯარო სექტორზე და ათასობით საჯარო მოხელეზე, რომელიც თავის მოვალეობას მაღალი პროფესიონალიზმით და მონდომებით ასრულებდა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ ქვეყანა მომზადებული ყოფილიყო და კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად მიგვეღო. ასევე, ეს არის უამრავი მოქალაქის ჩართულობის შედეგი, რომლებსაც მოუწაით დამატებითი ვალდებულებების ატანა და პასუხისმგებლობების შესრულება, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა მზად ყოფილიყო ამ პროგრესისთვის. ასე რომ, ამ ყველაფრის ასეთი ფორმით წარმოჩენა საზოგადოების შეურაცხყოფაც არის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ქვეყანამ, რა თქმა უნდა, ღირსეულად შეასრულა ყველაფერი და საქართველო გამორჩეული იყო, რასაც ევროკომისია თვითონაც აღიარებდა და აღნიშნავდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა შეუძლია საქართველოს, ევროკავშირს შესთავაზოს, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დღეს, საქართველოს შეუძლია, განსაკუთრებული როლი შეასრულოს, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში, ისე ზოგადად, ალტერნატიულ მომარაგებაში, სატრანსპორტო კავშირებში, ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაში და ასე შემდეგ.
„საქართველოს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს. საქართველო არის ევროკავშირის ღირსეული, საიმედო პარტნიორი ქვეყანა და ამას ევროპელები უფრო კარგად ხედავენ, ვიდრე ჩვენი ოპონენტები. საქართველო არის საჭირო და საინტერესო ქვეყანა ევროკავშირისთვის. ელემენტარულად, თუ ვინმე წარმოიდგენს დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობებს, ეს არ არის მხოლოდ ერთი კონფლიქტი რეგიონში. აქ არის ძალიან ბევრი პრობლემა, იგივე ომი ჩვენ ჩრდილოეთით, სხვადასხვა კონფლიქტი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ხდება და საქართველოში სტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილურად განვითარება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის, ჩვენი ხელისუფლების ინტერესია, მაგრამ ინტერესია აგრეთვე ჩვენი დასავლელი პარტნიორების და პირველ რიგში, ევროკავშირის, რათა ევროპას ჰქონდეს მომარაგების ალტერნატიული წყაროები სხვადასხვა მიმართულებით. ასე რომ, საქართველოს როლის უგულებელყოფა ჩვენი მნიშვნელობის დაკნინებაა და უპასუხისმგებლობაა ოპონენტების მხრიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.