ლევან დავითაშვილი - ოპონენტებს სურთ, შექმნან ილუზია, რომ გვძინავს, მაგრამ მთავრობას არ სძინავს
ოპონენტებს სურთ, შექმნან ილუზია, რომ გვძინავს, მაგრამ მთავრობას არ სძინავს, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მოვლენების განვითარების შესაბამისად, ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭიროა. ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით შექმნილი სამუშაო შტაბი, შარშანდელიდან მოყოლებული, არც ერთი წუთით არ გაჩერებულა. ბატონი ზურაბ ლიპარტია, ფაქტობრივად, ყოველდღე რეგიონებშია და მოსამზადებელ სამუშაოებშია ჩართული“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა გიგი უგულავას განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ცოცხალი ძალის, მოხალისეების, გამგეობის თანამშრომლების, ჯარისა და პოლიციის გამოყენება უნდა მოხდეს.
„სამინისტროს სტრატეგიის ნაწილია ტექნიკის შეძენა, გამართვა, მობილიზება, ტრენინგები, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და ა.შ. ეს სტრატეგია იმ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც 2017 წელს დაგვიგროვდა. სოფლის მეურნეობაში ასეთი გამოწვევები პერიოდულად დგება. სწორია, მათ ადეკვატურად ვუპასუხოთ და არა პოპულისტურად, განცხადებების დონეზე, რომ საგანგებო მდგომარეობის შტაბი შევქმნათ და სამხედროები ქუჩაში გამოვიყვანოთ, რაც არასერიოზულია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობაში უიმედობის განცდა არ დაინერგოს.
„ასეთი განცხადებებით მოსახლეობასთან რა ტიპის მესიჯები მიგვაქვს?! ფაქტობრივად, ამით ვეუბნებით, რომ თუ ჯარი არ გამოვიდა, მათ რაც არ უნდა გააკეთონ, საქმეს არ ეშველება. ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. საჭიროა, ჩვენ სწორი კომუნიკაცია მოვახდინოთ, რომ მოსახლეობამ თავისი როლი გაითავისოს და პრობლემას როგორც შეუძლია, ისე ებრძოლოს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსახლეობას გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შეექმნას.
„ზარალი გვექნება, რაც რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა, მაგრამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოსავალს ტოტალურად ვერ გადავარჩენთ, მაგრამ მავნებლის პოპულაცია მაქსიმალურად უნდა შევამციროთ და მოსავლის გარეშე არ უნდა დავრჩეთ. ჩვენი მთავარი მესიჯი ისაა, რომ ბრძოლა ღირს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.