ლევან დავითაშვილი - ონში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით იშვიათ დეზინფორმაციას ჰქონდა ადგილი, პირდაპირ მავნებლობასთან გვქონდა საქმე
ონში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით იშვიათ დეზინფორმაციას ჰქონდა ადგილი და ვფიქრობ, პირდაპირ მავნებლობასთან გვქონდა საქმე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ჩვენ დავინახეთ ძალიან ბევრი ვითომ ექსპერტის მოსაზრება, ძალიან ბევრი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ამ ადამიანებმა მოსახლეობის გრძნობებზე ითამაშეს და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხესთან, რაჭასთან დაკავშირებით აპოკალიფსური სურათი აჩვენეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ნებართვის გაცემამდე ინვესტორს დეტალური კვლევები მოეთხოვა, პროცესი რამდენიმეწლიანი იყო და ეს პროცესი გარემოს დაცვითი კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით წარიმართა.
„გაიჟღერა, რომ ჩვენ საბჭოთა პერიოდის კანონმდებლობით ვიხელმძღვანელეთ. ეს არის კანონმდებლობა ნებართვების შესახებ, რომელიც ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო მიღებული და ზუსტად იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ამ კრიტიკის წყარო და ავტორები არიან. ანუ, წარმოუდგენელ რაღაცებთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, არ იგეგმება არანაირი მთების აფეთქება, ონის რაიონში რიონის დაწყვეტა და კალაპოტის დაშრობა და ეს ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ამ პროექტის განხორციელების მიზნით 25 ჰექტრამდე ტყის გაჩეხვა, გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ როცა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეა საუბარი, არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული წესები და თუ ბუნებიდან კონკრეტული რაოდენობის მერქნული მასალის ამოღების საჭიროება დგება, კონკრეტული ინვესტორებისთვის სპეციალური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება.
„მათ ევალებათ საკომპენსაციო თანხების გადახდა, რომელიც ასევე ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებზე მიემართება ხოლმე. თუ ბუნებას რამე დავაკელით, რა თქმა უნდა, ამის კომპენსირება უნდა მოხდეს, თან, უფრო მეტად და უფრო მეტი მწვანე მასა უნდა მივიღოთ. ეს არის ის პირობები და საკანონმდებლო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ მიერ იქნა ინიცირებული და მიღებული“, – განაცხადა დავითაშვილმა.
შეკითხვაზე, რამდენად არის რისკები დაზღვეული, რომ ამ პროექტს გარემოზე არანაირი ნეგატიური გავლენა არ ჰქონდეს, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ინვესტორისთვის გაწერილი სანებართვო პირობა დეტალურ კვლევებს გულისხმობს, მათ შორის, მინერალურ წყლებთან დაკავშირებით, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა არანაირად არ გაგვიუარესდეს.
„მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, იყოს საუბარი ნებისმიერ განვითარებაზე, ნებისმიერ ინვესტიციასა და ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის წარმოებაზე. სხვა მხრივ, იცით, ჩვენთვის ჩვენი ბუნების მნიშვნელობა რამდენად დიდია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.