ლევან დავითაშვილი - „ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, ექსპერტებს ექნებათ წვდომა ინფორმაციაზე, პროექტი განხორციელდება, ამაზე კითხვას არ ვსვამთ
გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია.
მისი თქმით, ექსპერტებს ექნებათ წვდომა კვლევებზე და პროცესის გახსნილობისთვის მზად არიან არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ თავად კომპანიაც. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პროექტი განხორციელდება და ამ კუთხით კითხვის ნიშანი არ დგას.
„ძალიან ბევრი კვლევაა, რომელიც კარგად გაანალიზებას საჭიროებს. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ „ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რადგან გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა. კვლევა არის ძალიან ბევრი. ექსპერტებს ექნებათ წვდომა ამ ინფორმაციაზე, გადაამუშაონ და საბოლოოდ, საზოგადოებისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღოთ ისეთი შედეგი, რაც ყველას ინტერესშია, „ნამახვანჰესი“ მივიღოთ იმგვარად, რომელიც პასუხობს საზოგადოების ინტერესებს. პროცესის გახსნილობისთვის დიდი მზადყოფნაა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ კომპანიის მხრიდანაც.
პროექტის განხორციელებაზე ჩვენ კითხვას არ ვსვამთ – პროექტი განხორციელდება. აქ არის დიდი ღია სივრცე. მშენებლობის პერიოდშივე, შეიძლება, ამა თუ იმ მიმართულებით მოხდეს საინჟინრო გადაწყვეტილებების კორექტირება იმ ანალიზის საფუძველზე, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, ექსპერტებთან ერთად ჩავატაროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.
„ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოგვმართოს და კონკრეტულ თემატიკაზე გამართონ შეხვედრები. მოსახლეობა ამბობდა, რომ მნიშვნელოვანია, მათთვის სანდო ექსპერტები მონაწილეობდნენ. ამიტომ ვთქვით, რომ კომპანიამ კიარ დააფინანსოს დამატებითი შესწავლა, არამედ სახელმწიფომ, რათა გამოირიცხოს მიკერძოებულობა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ.