ლევან დავითაშვილი - „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის მზად ვიყავით ღია დიალოგისთვის და მე დღესაც მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვის
პლატფორმაში, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით შეიქმნა, სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ „რიონის ხეობის მცველების“ აქტივობა და ენთუზიაზმი, ვთხოვდი, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის კომპეტენტური ორგანო, რომელიც ასეთი ტიპის კომუნიკაციის კუთხით გამოცდილია.
ამასთან, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო დიალოგისთვის მზად არის და მისივე თქმით, თუ კონკრეტულ კითხვებზე აინტერესებთ პასუხები, როგორიცაა უსაფრთხოება, გარემოს ზემოქმედება, ტარიფები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, უპრიანი იქნება, სწორ ფორმატში, ექსპერტებთან ერთად იმსჯელონ.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ღია დიალოგისთვის. ეს შესაძლოა, მათაც დაადასტურონ. მე დღესაც მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა თქვენც იცით, რომ საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასდროს იქნება. ენთუზიასტი ადამიანი, ამა თუ იმ ნაწილში, შეფასების კუთხით განმსჯელი ვერ იქნება ჩემი ჩათვლით. აქ საჭიროა ექსპერტების მოსმენა და იმ ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება, რომელიც სპეციალისტებს გააჩნიათ. ამიტომ, იგივე, საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის ჩვენ გავხსენით პლატფორმა, რომ მათაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ექსპერტებთან ერთად, თან ამავე დროს შეიქმნა პლატფორმა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით. ეს არის ალბათ ყველაზე კომპეტენტური ორგანო, რომელიც ასეთი ტიპის კომუნიკაციის კუთხით არის გამოცდილი. მათ აქვთ გამოცდილება ბევრ ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში, ეწარმოებინათ მედიაცია საზოგადოებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ასევე მათ აქვთ კომპეტენცია, ჩართული ჰყოლოდათ სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები. ამ პლატფორმაში მონაწილეობენ მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები, როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკის სამინისტროს კუთხით. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ დავინახეთ ბევრი აქტივობა, ასევე ენთუზიაზმი იგივე „რიონის ხეობის მცველების“. ვთხოვდი, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და ნებისმიერ დროს ვისაუბროთ გულწრფელად და ღიად, თუმცა, თუ კონკრეტულ კითხვებზე გვაინტერესებს პასუხები, მაგალითად, უსაფრთხოება, გარემოს ზემოქმედება, ტარიფები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, აქ უპრიანი იქნება, კონკრეტულ სწორ ფორმატში დავსხდეთ, სადაც ექსპერტები არიან მონაწილეები, ასევე ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფებათ მედიაცია და ნეიტრალური როლის თამაში, ეს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება.
რაც შეეხება „ენკასთან“ დაკავშირებით საკითხს, როგორ შეიძლება, დღეს რაიმე კონკრეტული პასუხი გავცეთ, როდესაც ვიცით, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთულია. არ არის მარტივი, რადგან კომპანია „ენკას“ თავისი პრეტენზიები გააჩნია. ისინი შეფერხდნენ მუშაობის პროცესში, მათ გარკვეული წინადადებები აქვთ, თუმცა ჩვენ შეიძლება, ჩვენ რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს პროცესი იქნება სამართლებრივი პროცესი და ბუნებრივია, ვიდრე არ იქნება ამ სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის, რადგან ეს პროცესი თავის თავში მოიცავს ბევრ ელემენტს. ჩვენ გვყავს ჩვენი მხრიდან ჩართული ბევრი საექსპერტო კომპანია, საკონსულტაციო, იურიდიული კომპანიები, მათ შორის ჩართულია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები, რომელთაც პროექტთან დაკავშირებით აქვთ თავიანთი შენიშვნები, შესრულებასა თუ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე სასამართლო პროცესები და ეს ბევრი რამისგან შემდგარი პროცესია, კომპლექსური საკითხია, არ არის ერთწახნაგოვანი, ამიტომ უნდა გვესმოდეს ეს ყველაფერი, რომ დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებაც ადეკვატური და სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას და განსაკუთრებით დაინტერესებულ პირებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.