ლევან დავითაშვილი – „ნამახვანჰესის“ პროექტზე მიმდინარეობს მედიაციის პროცესი, გარემოს ზემოქმედების დამატებითი შეფასება
ენერგოგაერთიანების მედიაციით მიმდინარეობს პროცესი და ჩართულები არიან საზოგადოების დაინტერესებული პირები, ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ყოველთვის კონკრეტული კითხვები და აინტერესებთ უფრო დამოუკიდებელი მოსაზრებები ექსპერტებისგან, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელმაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით მთავრობამ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი, ვინაიდან ეს საკითხი დაისვა საზოგადოების მხრიდან, მედიაციის პროცესი მიმდინარეობს.
„კონკრეტულად სულ ახალ ინფორმაცია არ ვფლობ, შემიძლია, მოვიკითხო, ჩემი მოადგილეა უშუალოდ ჩართული მედიაციის პროცესში, ასევე პროცესში წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია გაერთიანება, ასევე ენერგოგაერთიანება. იცით, რომ ენერგოგაერთიანების მედიაციით მიმდინარეობს პროცესი და ჩართულები არიან საზოგადოების დაინტერესებული პირები, ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის აქტიურობდნენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ყოველთვის კონკრეტული კითხვები ჰქონდათ და მათ აინტერესებთ უფრო დამოუკიდებელი მოსაზრებები ექსპერტებისგან. ჩვენ რა თქმა უნდა, გვქონდა კონკრეტული პოზიცია, ვმუშაობდით ქართველ ექსპერტებთან პროექტთან დაკავშირებით და ვფიქრობ, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ, თუმცა, ამის მიუხედავად, დარჩა გარკვეული საჭიროება, ყოველ შემეთხვევაში, საზოგადოების მხრიდან საკითხი ასე იყო დასმული, მიმდინარეობს მედიაციის პროცესი. რამდენადაც ვიცი, შერჩეულია ნეიტრალური კომპანიები, ვერ გეტყვით სახელშეკრულებო ნაწილს, ამაზე არ მაქვს ბოლომდე ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ნაწილთან, გარემოს ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი შეფასება, უფრო ნეიტრალური მხარის მიერ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.