ლევან დავითაშვილი - „ნამახვანჰესის“ პროექტი უნდა განხორციელდეს და განხორციელდეს სწორად
„ნამახვანჰესის“ პროექტი უნდა განხორციელდეს და განხორციელდეს სწორად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ რეალურად გვიწევს კიდევ ერთი პროექტის დაგვიანებაზე საუბარი და ეს სამწუხაროდ არის გასაზიარებელი პასუხისმგებლობა ბევრი სხვადასხვა მხარის მიერ. აქ არ ვსაუბრობ, რომ იყო მხოლოდ ერთი რგოლის პრობლემა. იყო კომუნიკაციის ნაკლებობა, მათ შორის ინვესტორი მხრიდან. ასევე ვფიქრობ, იყო გადამეტებული და გარკვეულწილად უპასუხისმგებლო ქმედებებიც ზოგიერთი ჯგუფის მიერ, რომელმაც ასევე ნეგატიურად იმოქმედა პროექტის გაგრძელებაზე და გარკვეული რისკები შეუქმნა საქართველოს სახელმწიფოს ამ კუთხით. თუმცა ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და განხორციელდეს სწორად. მოხდეს მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ამ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო ბევრი მსჯელობა და ბევრ კითხვას პასუხი გაეცა. ამიტომ ამაზე ბევრი საუბარი არაა საჭირო. ყველაზე მეტად საჭიროა ქმედებები.
საჯარო სახელმწიფო თანამონაწილეობას რაც შეეხება, დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, ენერგეტიკული პროექტები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას და ასეც იქნება. ეს იქნება ერთ-ერთი კომპონენტი იმ ახალი ინიციატივების, რაზეც პრემიერი საუბრობდა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.