„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესში შეიძლება, გამოჩნდეს დამატებითი გარემოებები, რომლებიც უნდა იყოს განხილული და გათვალისწინებული, წინასწარი კვლევა 100%-ით ყველაფერს ვერ ამოწურავს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჰესების საკითხი განიხილება.
მისი თქმით, კვლევის თანახად, კაშხლის დაფუძნება აბსოლუტურად მკვრივ ქანებში განხორციელდება, რაც ამცირებს გეოლოგიურ რისკებს.
„დამატებით ჩატარდა გეოლოგიური კვლევა ჰესის შენობის განთავსების ტერიტორიაზე, წყალმიმღების ტერიტორიაზე, ასევე გამოკვლეული იქნა გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა მეწყერსაშიშ უბნებზე. კვლევის ანგარიშში მოცემული ინფორმაციით, კაშხლის დაფუძნება აბსოლუტურად მკვრივ ქანებში განხორციელდება, რაც ამცირებს გეოლოგიურ რისკებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით (12, 13, 14, 16, პუნქტები), შპს ,,ენკა რინიუებლზს” გეოლოგიური კუთხით დაევალა შემდეგი პირობების შესრულება:
- შპს „ენკა რინიუებლზმა” მშენებლობის დაწყებამდე და მშენებლობა-ექსპლუატაციის ეტაპზე უზრუნველყოს ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტების განლაგების და მათ მიმდებარედ არსებულ მეწყრულ უბნებზე პერიოდული ვიზუალური მონიტორინგის წარმოება (განსაკუთრებით წყალსაცავის მდგრადობაზე მათი გავლენის კონტროლის მიზნით) და მიღებული შედეგების 6 თვეში ერთხელ სამინისტროში განსახილველად წარმოდგენა;
- შპს „ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს N6 მეწყერზე (გონის მასივი) ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემის მოწყობა და ამ მიზნით შესაბამისი წინასწარი კვლევების ჩატარება და შედეგების სამინისტროში წარმოდგენა. აღნიშნული კვლევების განხორციელება დასაშვებია ჰესის მშენებლობის პარალელურად, ხოლო მონიტორინგის სისტემის ინსტალაცია უზრუნველყოფილი უნდა იქნას წყალსაცავის ექსპლუატაციაში შესვლამდე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეწყრულ სხეულზე გათვალისწინებულია პიეზომეტრების და ინკლინომეტრების მოწყობა (რისთვისაც საჭირო გახდება ჭაბურღილების გაყვანა), მეწყრული სხეულის სიმძლავრის (ცოცვის სიბრტყე ან შესუსტების ზონის მდებარეობა სიღრმეში) დადგენის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ჭაბურღილების გაყვანის შედეგად მიღებული ინფორმაციის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა;
- შპს „ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს როგორც სადერივაციო, ასევე მიმყვანი გვირაბის მარშრუტის დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (გვირაბის მშენებლობის პარალელურად) და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში;
- შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული წყაროების ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის შედეგების წარმოდგენა სამინისტროში (წელიწადში ერთხელ). განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების ობიექტებზე და ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენით მათი დებიტის შესაძლო შემცირების, ან დაკარგვის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა ალტერნატიული წყალმომარაგებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, სტანდარტები ითვალისწინებს მშენებლობის პროცესში პარალელურად დეტალური კვლევების ჩატარებას.
„მშენებლობის პროცესში აუცილებელია წყაროების რეჟიმზე დაკვირვება. წყაროებზე ზემოქმედება გამორიცხულია, თუმცა პირობაზე მითითებულია ასევე ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის შესახებ.
ასევე მეწყრული უბნები შეფასებულია, თუმცა სტანდარტები ითვალისწინებენ პარალელურ რეჟიმში კვლევების ჩატარებას.
გვირაბის გაყვანის პარალელურად, კომპანიას დაევალა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში. მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში სტანდარტები ითვალისწინებს მშენებლობის პროცესში პარალელურად დეტალური კვლევების ჩატარებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე დეტალურად არის შესწავლილი ჰიდროლოგიური მონაცემები.
„იყო ჰიდროლოგიურ დაკვირვებებთან დაკავშირებით კითხვა, თუ რამდენად სრულყოფილად იყო ჰიდროლოგია ჩატარებული ამ პროექტის ფარგლებში. საუბარი იყო ოპონენტების მიერ, რომ წყლის რესურსების შეფასება არ მომხდარა და გადაწყვეტილება დაეფუძნა გასული საუკუნის მონაცემებს, რაც არასწორია. ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურად იქნა შესწავლილი. აღსანიშნავია, რომ არსებობს 76-წლიანი დაკვირვების ჰიდროლოგიური მონაცემები 2013 წლის ჩათვლით და ეს გაკეთებულია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების მქონე იტალიური კომპანიის მიერ. ეს იყო კომპანია Studio Pietrangeli, რომელმაც ჰიდროლოგიური კვლევები აწარმოა და მათ კვლევებთან ერთად დამატებით გამოყენებული იყო შვეიცარული კომპანიის Stucky კვლევები. ჩვენ ვიცით, რომ „გუმათის ჰესის“ კვლევები სრულად თავსებადია „ნამახვანჰესის“ მონაცემებთან. ასევე, ნამახვანზე არსებობდა ჰიდროლოგიური დაკვირვებების ინფორმაცია და ეს ყველაფერი გაერთიანდა და არის ამ ანგარიშში წარმოდგენილი.
მაქსიმალური ჩამონადენი გათვლილია 10 000 წლიან განმეორებადობაზე, კერძოდ, მაქსიმუმის მაქსიმუმზე 4 900 კუბურ მეტრზე. ლაჯანურიდანაც კი, მაქსიმალურად რომ გამოუშვან წყალი ჯამში 4 900 კუბურ მეტრს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, მაქსიმალურად კონსერვატორული გათვლებია წარმოდგენილი“, – განაცხადა მინისტრმა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.