ლევან დავითაშვილი - საქართველომ არაერთი ქარტეხილი გადაიარა პარტნიორ მსოფლიო ბანკთან ერთად, ბანკთან თანამშრომლობის 30-წლიანი პერიოდი ეკონომიკური წინსვლის კუთხით ძალიან წარმატებული იყო
მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო, თუ როგორ შეძლო, ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნიდან ქცეულიყო საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნად და ქვეყნად, რომელსაც აქვს მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნის სტატუსის მიღების დიდი ამბიციები.
დავითაშვილის თქმით, დღეს უკვე საქართველოს აქვს საშუალება, თავად გახდეს დონორი და წარმატების მაგალითები, გამოცდილება გაუზიაროს ქვეყნებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ.
„მსოფლიო ბანკის საქართველოში მოღვაწეობის და საქართველოს მსოფლიო ბანკის წევრობის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. იცით, რომ 30 წელი, ეს ფაქტობრივად საქართველოს მთელი დამოუკიდებლობის პერიოდია და ქვეყანამ არაერთი გამოწვევა, ქარტეხილი გადაიარა, გადაიარა თავის ძალიან მნიშვნელოვან, სტრატეგიულ პარტნიორ მსოფლიო ბანკთან ერთად. ვფიქრობ, ეს პერიოდი ეკონომიკური წინსვლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული. აღინიშნა კიდეც მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ საქართველო ერთ-ერთი სამაგალითოა მსოფლიოში, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ, ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნიდან ქცეულიყო საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნად და ქვეყნად, რომელსაც აქვს მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნის სტატუსის მიღების ძალიან დიდი ამბიციები. რაც შეეხება დღევანდელ მემორანდუმს, მემორანდუმი გულისხმობს, რომ საქართველო იყო ყველაზე ღარიბი ქვეყნების ჩამონათვალში და თვითონ იყო მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) დახმარების მიმღები ბენეფიციარი ქვეყანა. დღეს საქართველო არის როგორც იცით საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა და შესაბამისად, ქვეყანას აქვს საშუალება, გახდეს დონორი. აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებს არა ფინანსურად დავეხმაროთ, ჩვენი ფინანსური მონაწილეობა ამ შემთხვევაში უფრო სიმბოლურია, არამედ ჩვენი წარმატების მაგალითები, გამოცდილება გავუზიროთ ქვეყნებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს გაჭირვების პირას არიან და მათაც აქვთ თავიანთი მნიშვნელოვანი გეგმები დასახული, რომ უფრო მაღალი შემოსავლის ქვეყნები გახდნენ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს. მიმდინარე და გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ქვეყანას პირველად ისტორიაში აქვს მეორე მიმდინარე წლის განმავლობაში და ფაქტობრივად, ეს მონაცემები, ეს მაჩვენებლები ყველასთვის იყო მოულოდნელი. აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მდგრადობა და ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან, ასევე სამომავლო პროექტებზე როგორც სექტორული მიმართულებით, ისე ზოგადად სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.