ლევან დავითაშვილი - „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგში საქართველოს მესამე პოზიცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება და ძლიერი მესიჯია ბიზნეს საზოგადოებისთვის
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ბიზნესისთვის მზაობის“ შესახებ მსოფლიო ბანკის განახლებული რეიტინგი საქართველოს პროგრესის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
დავითაშვილის თქმით, ეს ძლიერი მესიჯია და წაახალისებს ინვესტორებს, რომ საქართველოში ხარისხიანი ინვესტიციების შემოტანის გადაწყვეტილება მიიღონ.
„ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა, ეს არის მსოფლიო ბანკის განახლებული რეიტინგი, რომლის სახელიც არის B-READY. ეს არის ახალი რეიტინგი, რომელიც ჩაანაცვლებს უკვე კარგად ნაცნობ doing business რეიტინგს, რომელიც საკმაოდ კომპლექსური მაჩვენებელი იყო და ბიზნესის კეთების სიმარტივეს განსაზღვრავდა ქვეყნების მიმართულებით.
საქართველოს მუდმივად ჰქონდა პროგრესი ამ მიმართულებით, ბოლო შეფასებით, მეშვიდე ადგილზე იყო, თუმცა რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, ახალი რეიტინგის მიხედვით საქართველო მესამე ადგილზეა სინგაპურისა და ესტონეთის შემდეგ. ეს მართლაც ძალიან ძლიერი მესიჯია როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებისთვის, რომ საქართველოში მოხდეს მეტი ინვესტიცია, საქართველოში არის ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ეს წაახალისებს მეტ ინვესტორს, რომ საქართველოში ხარისხიანი ინვესტიციების შემოტანის გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პოლიტიკას, რომელიც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული და მოვიზიდავთ მეტ უცხოურ ინვესტიციას ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველო მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგის „ბიზნესისთვის მზაობის“ (B-READY) ლიდერებს შორისაა და სინგაპურსა და ესტონეთს შორის, რეიტინგის სამეულში შედის.