ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის, EDF-ის დელეგაციას შეხვდა
ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის, EDF-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის, EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს, მარკ გირარდს შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე და საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს დიდი ინტერესი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის, ადგილობრივი განახლებადი რესურსების ათვისებისა და ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ამ მიზნით, EDF-ი შეისწავლის ქვეყნის ენერგეტიკული პროექტების პოტენციალს.

„თავის მხრივ, სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასა და მის შედეგებზე, აგრეთვე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემის დაკავშირებას შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის მეშვეობით“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კომპანია EDF კონსულტირებას უწევს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიების განვითარების კვლევის პროექტში.