ლევან დავითაშვილი - მოწადინებული ვართ, ხელი შევუწყოთ „ბორჯომს“, რომ მომავალში გააგრძელოს სრულფასოვანი ოპერირება
ლევან დავითაშვილი - მოწადინებული ვართ, ხელი შევუწყოთ „ბორჯომს“, რომ მომავალში გააგრძელოს სრულფასოვანი ოპერირება

ჩვენი შესაძლებლობები ყველამ უნდა გავიგოთ, რომ არის შეზღუდული, რადგან ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენთვის „ბორჯომი“ არის მნიშვნელოვანი ბრენდი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი წარმოება საქართველოს ეკონომიკისთვის და აქედან გამომდინარე, სამინისტრო პირველი დღიდან, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მონაწილეობს პროცესში.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მარეგულირებლებთან, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, მეტი გარკვეულობა და განმარტება გვჭირდებოდა, კონკრეტული ინტერპრეტაციებია საჭირო აღსრულების კუთხით, რომელიც ფინანსური სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაიდლაინი. აქედან გამომდინარე, ჩვენ იურიდიულ პროცესს ვსწავლობთ, ვმონაწილეობთ სხვადასხვა მხარესთან, რათა ისეთი გარკვეული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, რომელიც შემდგომში კომპანიას ფუნქციონირებაში დაეხმარება. სამწუხაროდ, ამაზე მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია, ეს არის მოთხოვნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ გარკვეული დეტალები ამ ეტაპზე არ გამჟღავნდეს, თუმცა პრემიერმაც განაცხადა, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ პრობლემები მოვაგვაროთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს თანამშრომლები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობთ, ჩვენს ამ სურვილს კომპანიაც გაითვალისწინებს, რადგან ჩვენ მართლა მოწადინებული ვართ, ხელი შევუწყოთ „ბორჯომს“, რომ მომავალში გააგრძელოს სრულფასოვანი ოპერირება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „IDS ბორჯომის“ საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ქარხნები გაყინულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე ამოქმედდებოდა, კომპანიაში დასაქმებულ 1 000-მდე ადამიანს კი სამუშაო ადგილი და ხელფასები შეუნარჩუნდებოდა.