ლევან დავითაშვილი - მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება
ლევან დავითაშვილი - მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება

მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში ხშირი იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნებოდა პურზე ფასები.

„იყო ძალიან ბევრი განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ როგორც პურის მწარმოებელთა, ისე პურის მწარმოებელთა კავშირის ან ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად უკვე ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება და შესაბამისად, ეს შეიძლება ასახულიყო პურის ფასზე. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ორმა ასოციაციამ დღეს გააკეთა განცხადება, სადაც საუბრობდნენ ისინი იმაზე, რომ მათ აქვთ ხელისუფლებასთან დიალოგი, რომ გარკვეული სქემა სუბსიდირების განიხილებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას, არაერთხელ ვთქვით იმის შესახებ, რომ პურის არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსი გლობალურად და მათ შორის საქართველოში.

„ჩვენ გვქონდა მუდმივი მუშაობა, რეგულარული შეხვედრები მწარმოებლებთან და ამაზე მედიას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის ფქვილის, ამ შემთხვევაში საუბარია პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას აგვაცილებს თავიდან. ამ შემთხვევაში პროგრამა ამოქმედდება უკვე მომავალი კვირიდან. შესაბამისად, მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა იმოქმედებს ოთხი თვის განმავლობაში, 31 მარტამდე. შემდგომში ჩვენ დავაკვირდებით უკვე სიტუაციას, როგორი იქნება საერთაშორისო ბაზრებზე. იცით, რომ ეს არის განსაკუთრებული ვაჭრობის საგანი, ზოგადად ხორბალი. ბევრი ფაქტორი განაპირობებს მის ფასს. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება გლობალური ფასები ხორბლის ფქვილზე, ჩვენ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს უკვე ამ პერიოდის გასვლის შემდეგ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ შეაფასა 3-4-თვიანი პერსპექტივა, პერიოდი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთი ტიპის ინტერვენცია იყო საჭირო.

„ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მარაგები ქვეყანაში ხორბლის არის და რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ გვქონდა საკმაოდ მაღალი მარაგები ხორბლის, ეს იყო დაახლოებით 100 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, რაც რეგულარულად გვქონდა მთელი შემოდგომის განმავლობაში, გვაძლევდა საშუალებას, რომ დაბალანსებულიყო ფასი. ჩვენ დავინახეთ, რომ სექტემბრიდან უკვე საკმაოდ გაძვირებული იყო ხორბალზე ფასი შავი ზღვის ავზის ქვეყნებში, ეს იყო დაახლოებით 200 დოლარიდან 270 დოლარამდე ზრდა, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნიდა, რათა  გაზრდილიყო შემდგომში ხორბლის ფქვილის ფასი, რაც აისახებოდა ჯაჭვურად უკვე ხორბლის ფქვილისგან დამზადებულ პროდუქტების ფასებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ მწარმოებლებთან ერთად, რათა ერთი მხრივ, მარაგები გვქონოდა საკმარის ნიშნულზე, ქვეყანაში არ ყოფილიყო წყვეტა მიწოდების კუთხით ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტის და საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილებით ვახდენთ დღეს ისეთი ტიპის სუბსიდირებას, რომელიც ვფიქრობ, რომ მისაღებია ორივე რგოლისთვის. აქ იყო მუდმივი მუშაობა როგორც მსხვილ წისქვილებთან, რომლებიც არიან ხორბლის ფქვილის მწარმოებლები, ისე თვითონ პურის მცხობელ კომპანიებთან, რადგან ამ შემთხვევაში ეს არის მჭიდროდ დაკავშირებული მიწოდების თუ წარმოების ჯაჭვი და ორივე მხარე უნდა თანხმდებოდეს პირობებზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ბაზარზე რაიმე სიურპრიზი არ იყოს და მოსახლეობისთვის ამან არ დაამძიმოს მდგომარეობა“, – განაცხადა  ლევან დავითაშვილმა.