ლევან დავითაშვილი - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს
სახელმწიფო განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მასშტაბურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ჩვენ გავაგრძელებთ მრავალწლიანი კულტურების შემდგომი გაშენების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების სათბურების შექმნის მოსავლის ამღები ტექნიკისა და მეცხოველეობის განვითარების მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობამაც უპრეცედენტო წინსვლა განიცადა. ჩვენ, დავპირდით იაფ ფულად რესურსებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ორ მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა.
პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში საქართველოში მრავალწლიანი ბაღების 9500-ზე მეტი ჰექტარი ახალი ინტენსიური მეურნეობები შეიქმნა, რომელშიც დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის რეაბილიტაცია მოხდა, შეიქმნა 200-ზე მეტი ახალი საწარმო და გადაიარაღდა 900-ზე მეტი საწარმო. ასევე, შეიქმნა 99 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 100 ათასი ჰა ფართობის მიწის დაზღვევა განხორციელდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალი დაახლოებით 38 მლნ ლარი იყო. განხორციელდა 95 ათასი ჰა წყალუზრუნველყოფა. კახეთი უზრუნველყოფილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით, 500-დან 900 მლნ-მდე გაიზარდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი. 750 მლნ ლარიდან 350 მლნ ლარამდე შემცირდა უცხოური სავაჭრო დეფიციტი. თითქმის ხუთჯერ გაიზარდა გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, ასევე ხუთჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი.
მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, გამოწვევები სოფლის მეურნეობაში ბევრია. ამისთვის ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ გავაგრძელოთ კერძო სექტორის, ჩვენი ფერმერების მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს.
„სახელმწიფო განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მასშტაბურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ჩვენ გავაგრძელებთ მრავალწლიანი კულტურების შემდგომი გაშენების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების სათბურების შექმნის მოსავლის ამღები ტექნიკისა და მეცხოველეობის განვითარების მხარდაჭერას.
განხორციელდება დამატებით 40 ათასი ჰა-ს უზრუნველყოფა და 20 ჰა-ს დაშრობა. აქტიურად გაგრძელდება ახალი ბაზრების ათვისება და არსებულ ბაზრებზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ხელისუფლება მიწის ბალანსის შედგენას მოახერხებს, მიწის რესურსების აღრიცხვას მოვახერხებთ და ასევე, 1 200 000 ჰა-ს სისტემური რეგისტრაცია განხორციელება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სასოფლო მიწის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.