ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია, კომპანია RMG-მ 2015-2016 წლებში გამოვლენილი დარღვევები გამოასწოროს
ლევან დავითაშვილი -  მნიშვნელოვანია, კომპანია RMG-მ 2015-2016 წლებში გამოვლენილი დარღვევები გამოასწოროს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კაზრეთში იმყოფებოდა, სადაც კომპანია RMG Copper-ისა და RMG Gold-ის წარმოებას ადგილზე გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს. მინისტრმა კომპანიის მიერ შემუშავებულ გარემოსდაცვით  სამოქმედო გეგმაზე ინფორმაცია მოისმინა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა უწყების თანამშრომლები გაეცნენ RMG-ის საქმიანობას. 2015-16 წლებში ჩვენი შემოწმების შედეგად, რამდენიმე მიმართულებით იყო დარღვევები გამოვლენილი. მნიშვნელოვანია, რომ ის დარღვევები გამოსწორდეს და სწორედ ამ ღონისძიებებზე გვქონდა საუბარი. უშუალოდ ჩვენი თვალით გვინდოდა გვენახა, თუ სად არის კრიტიკული წერტილები, პრობლემები და როგორი იქნება კომპანიის მიერ გამოსწორების მექანიზმები, როგორი იქნება გონივრული ვადები და ამაზე სპეციალისტებთან ერთად შევჯერდებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯონი შუბითიძის განცხადებით, RMG-ის შემუშავებული აქვს გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა, რომლის შედგენაშიც საერთაშორისო კომპანია Golder Associates-ი იყო ჩართული.

RMG-ის საწარმო საქმიანობას ლევან დავითაშვილთან ერთად მისი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მუკნიაშვილი და სამინისტროში შემავალი სხვა უწყებების ხელმძღვანელები გაეცნენ.