ლევან დავითაშვილი - მკაფიოდ განსაზღვრულია თანამდებობის პირის ფინანსური ვალდებულებები, თუმცა არ არის განსაზღვრული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, გამჭვირვალობა გვინდა ყველგან
ლევან დავითაშვილი - მკაფიოდ განსაზღვრულია თანამდებობის პირის ფინანსური ვალდებულებები, თუმცა არ არის განსაზღვრული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, გამჭვირვალობა გვინდა ყველგან

მკაფიოდ არის განსაზღვრული თანამდებობის პირის ვალდებულება, თუმცა განსაზღვრული არ არის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური ვალდებულებები, გამჭვირვალობა გვინდა ყველგან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილს კითხვა დაუსვეს: „USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყავით ოთხი წელი, თვლით თავს უცხოური გავლენის აგენტად? ასეთივე პროგრამებით ფინანსდებიან არასამთავრობოები“.

დავითაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ამერიკული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებდა ინფორმაციას დონორთან შეთანხმების და დონორის მოთხოვნების გამო.

„გამჭვირვალობა გვინდა ყველგან. არ შეიძლება, ეს ვალდებულება იყოს კონკრეტული ორგანიზაციებისთვის და ზოგიერთი ორგანიზაციისთვის ეს ვალდებულება, პასუხისმგებლობა არ არსებობდეს. რაც შეეხება თანამდებობის პირების ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, ეს მკაფიოდ არის კანონმდებლობით განსაზღვრული. ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტია დღეს საქართველოში, რომელიც ეხება თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების მიმართ. თანამდებობის პირის დეკლარაცია ძალიან დეტალურია. სხვათა შორის, საჯაროდ ხელმისაწვდომია ისეთი პერსონალური ინფორმაცია, რაც ბევრ ქვეყანაში ასე არ არის. ეს ყველაფერი არის თანამდებობის პირის ვალდებულება.

იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირი ვალდებულებას არ ასრულებს, მკაფიოდ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობები და სანქციები. ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს ვალდებულება, შეისწავლოს, რეაგირება მოახდინოს. შესაბამისი რეაგირება გულისხმობს როგორც დამატებით კვლევებს, ასევე პასუხისმგებლობას – ეს სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს. ასევე, გულისხმობს ფინანსურ სანქციებს. ასე რომ, თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუმცა არ არის განსაზღვრული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური ვალდებულებები. მაგალითად, USAID-ს აქვს ძალიან მაღალი სტანდარტი და ის თავის კონტრაქტორ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარტნიორებს სთხოვს, დაფინანსების წყაროებზე ინფორმაცია იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. ამ შემთხვევაში, მაგალითად, იგივე ის პროექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ამერიკული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებდა ინფორმაციას დონორთან შეთანხმების და დონორის მოთხოვნების გამო, მაგრამ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა წყაროდან, რომლებზეც შეიძლება საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია.

საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ზუსტად იცოდნენ ამა თუ იმ ორგანიზაციის მოტივაციის, კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ. ეკონომიკურ სფეროში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება, გარკვეულმა ორგანიზაციებმა ისეთი ამოცანები შეასრულონ, რომლებიც, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. იმ შემთხვევაში, თუ გამჭვირვალედ, მარტივად იქნებოდა ვალდებულება ანგარიშგების და საზოგადოებას ეცოდინებოდა, რა არის დაფინანსების წყარო, პასუხიც გასაგები იქნებოდა, რა ინტერესი შეიძლება იყოს კონკრეტული საქმიანობის შემთხვევაში.

ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია ფინანსების წარმომავლობის შესახებ. რაც შეეხება სათაურს, სათაურზე შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს, თუმცა თუ მნიშვნელოვანი შემოსავალი კონკრეტული ქვეყნიდან არის, რა თქმა უნდა, ეს თავის თავში მოიაზრებს, რომ, გარკვეულწილად, ეს ორგანიზაცია ატარებს ამ ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.