ლევან დავითაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კუთხეში შეიძლება იყოს თონე, ბაზრის დიდ ნაწილს რამდენიმე მოთამაშე ფარავს
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას წინასაარჩევნო პერიოდში პურის ფასის ზრდა ხელოვნურად არ შეუჩერებია. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
„ასეთი რამ არ ყოფილა. შეგიძლიათ კომპანიებსაც კითხოთ, რამდენად ხორციელდებოდა ჩვენი მხრიდან მათზე ზეწოლა. ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაზარი კონცენტრირებულია და დიდ პროცენტს რამდენიმე მოთამაშე ფარავს.
„მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კუთხეში შეიძლება იყოს თონე, ბაზარი მაინც კონცენტრირებულია და რამდენიმე მოთამაშე ფარავს ბაზრის დიდ პროცენტს. პრემიერის განცხადება ყველამ იხილეთ, მან გასცა ბრძანება და შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ ანალიზს, რამდენად ადეკვატურია გაზრდილი ფასები იმ რეალობის, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. გარკვეული კლიმატური პირობების გამო, წელს მსოფლიოში ხორბლის შედარებით ნაკლები მოსავალია 2017 წელთან შედარებით. ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში შემცირებული იყო ხორბლის საექსპორტო შესაძლებლობები და წელს ხორბალი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე 20017 წელს. თუმცა, კითხვებს ბადებს, რამდენად ადეკვატურია ფასები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ფქვილზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პურის ფასის ზრდა ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ რაიმე რეგულაციას არ გამოუწვევია.
„პურის მწარმოებლების მხრიდან იყო განცხადება, რომ გარკვეული რეგულაცია შეიძლება გავლენას ახდენდეს პურის ფასის ზრდაზე, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან ახალი რეგულაცია ამასთან დაკავშირებით არ მიგვიღია. რაც შეეხება რეგულაციებს, რომელიც სურსათის ეტიკეტირებას გულისხმობს, თუმცა არ გულისხმობს აუცილებელ პირობად შეფუთვას, ამას რაიმე დამატებითი წნეხი არ გამოუწვევია სახელმწიფოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მგრძნობიარე საკითხს, როგორიც პურის ფასია ადეკვატური პასუხი გაეცეს უწყებების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესში იქნებიან ჩართული“, – განაცხადა დავითაშვილმა.