მევენახეები დაზიანებულ რქაწითელს 80 თეთრად, საფერავს კი, ერთ ლარად ჩააბარებენ, ამასთან, ვისაც მოსავალი სრულად გაუნადგურდა, ერთჯერადი კონპენსაციის სახით 3 000 ლარს მიიღებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვით შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
როგორც ლევან დავითაშვილა განაცხადა, კახეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში უპრეცედენტოდ დიდი სტიქია დაფიქსირდა. სეტყვამ გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მისი თქმით, მოხდა მყისიერი რეაგირება და აღნიშნა, რომ საკოორდინაციო შტაბის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ ერთ კილოგრამ რქაწითელს 80 თეთრად და ერთ კილოგრამ საფერავს ერთ ლარად ჩააბარებენ. ეს არის მაქსიმალური კონპენსაცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ. იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კონპენსაციის სახით სახელმწიფო 3 000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის განადგურებული ხილის ბაღები, სადაც მომავალ წლებში რეალურად ვეღარ მოხდება მოსავლის მიღება, ჩავანაცვლოთ და სწორედ ამ მიზნით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ბაღების აღდგენა მოხდება, სრული თანადაფინანსება იქნება ნერგების და თანადაფინანსება სარწყავი სისტემის. ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე ამ სტიქიიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.