ლევან დავითაშვილი - მეღვინეობის დარგში ჯანსაღი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რთველი ორგანიზებულად და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესს ღვინის ახლად გახსნილ საწარმოში გაეცნო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში კომპანია „ასკანელების” ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერა, რომელმაც ამ სეზონზე მევენახეებისგან 3500 ტონაზე მეტი ყურძენი მიიღო და გადაამუშავა.
მათივე ცნობით, კომპანია სხვადასხვა სახეობის ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ახორციელებს: აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში, ისრაელში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, უკრაინაში, ჩინეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და აშშ-ში.
„მეღვინეობის დარგში არსებული ჯანსაღი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ღვინის მწარმოებელმა 207-მა კომპანიამ უკვე 130 000 ტონა ყურძენი გადაამუშავა. მევენახეების შემოსავალმა 190 მლნ ლარს მიაღწია. წელს რთველი სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც კომპანია „ასკანელების“ დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ აღნიშნა, ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ქართული ღვინის ხარისხი, რომელიც ეროვნული ღირებულების მატარებელია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საწარმოში კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.