ლევან დავითაშვილი - მცდელობაა მიზანმიმართული ცილისწამების და ვითარების დაძაბვის, ფრენების სიხშირეების გაზრდასთან დაკავშირებით რუსულ ავიაკომპანიას წერილი არ გამოუგზავნია
ლევან დავითაშვილი - მცდელობაა მიზანმიმართული ცილისწამების და ვითარების დაძაბვის, ფრენების სიხშირეების გაზრდასთან დაკავშირებით რუსულ ავიაკომპანიას წერილი არ გამოუგზავნია

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი რუსული ავიაკომპანიის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს.

დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს რუსულმა ავიაკომპანიამ პირადად მას გაუგზავნა წერილი ფრენების სიხშირეების გაზრდასთან დაკავშირებით.

დავითაშვილის თქმით, ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ვითარების დაძაბვის მცდელობაა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, რუსული სახელმწიფო ავიაკომპანია „რედვინგსის“ წერილი არ შემოსულა. მეტიც, ასეთი წერილი კომპანიას არც გამოუგზავნია. შესაბამისად, ეს წერილი იყო „ფეიკი“. „სიუჟეტი იყო უპასუხისმგებლო, რადგან არ ემყარებოდა გადამოწმებულ ფაქტებს და დარღვეული იყო ჟურნალისტური ეთიკა. ჩვენ სამინისტროში გადავამოწმეთ ინფორმაცია და არათუ სამინისტროს ცენტრალურ უწყებაში, არამედ არც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ შესულა მსგავსი წერილი. აღნიშნული სიუჟეტი იყო მიზანმიმართული ცილისწამება, ვითარების დაძაბვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მსგავი წერილი რომ შემოსულიყო, ის მიიღებდა გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მიერ მიღებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ეს კრიტერიუმები არის ძალიან მკაფიო, ამიტომ ასეთ საკითხებს სამინისტროსთან არ ათანხმებენ, ეს სრულად ტექნიკური საკითხებია. რა თქმა უნდა, კომპანიას მიეცემოდა ის სლოტები, ამის ხელმისაწვდომობა თუ იქნებოდა. თემის პოლიტიზება უპასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ. მისივე თქმით, საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად, ყველა კომპანიას აქვს ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და სამინისტროს ჩარევის გარეშე, თავად იღებს გადაწყვეტილებას.

„ერთი ნაწილია, რუსეთის მხარემ თავის კომპანიას რაღაც ნებართვა მისცა, ანუ, მათ აიღეს თავისი ადმინისტრაციისგან ნებართვა, რომ საქართველოში სურთ ფრენა, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგვმართეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დაიწყებენ ფრენას? ანუ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს კონკრეტული თარიღები, მიმართულებები. დამატებით ამ ფრენებზე მომართვა ჩვენთან არ შემოსულა. ხომალდები, რომლებსაც კომპანია „რედვინგსი“ იყენებს სხვა შემთხვევაში, და ეს კომპანია ოპერირებს საქართველოში, შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რომლებიც გავაჟღერეთ და ასევე ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები. შესაბამისად, ამ კომპანიამ, მომართვის შემთხვევაში, შესაძლოა, მიიღოს ნებართვა, მაგრამ ჩვენთვის ჯერ არ მოუმართავს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.