ლევან დავითაშვილი - მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან სახელმწიფომ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო
2012 წლიდან, თვისობრივად შეიცვალა დამოკიდებულება და მიდგომა სოფლის მეურნეობის მიმართ. მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტად გამოცხადება, რაც, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება გახლდათ. დაპირება რეალობად იქცა იმ ქმედითი ნაბიჯებით, რომელიც 2012 წელსვე, მყისიერად დაიწყო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან სახელმწიფომ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო.
„მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია. 2012 წელს, ძლიერმა სეტყვამ კახეთში ძირითადი სავარგულები გაანადგურა. ადამიანებმა მიიღეს კომპენსაცია, რის საფუძველზეც ფერმერებს წარმოების საშუალება მიეცათ. დაიწყო ხვნა-თესვის პროგრამა. პრაქტიკულად ყამირი, დაუმუშავებელი ნიადაგები დამუშავდა, ეს იყო მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა. ადამიანებს, რომლებსაც ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, იმედი გაუჩნდათ. მრავალი ადამიანი დაუბრუნდა სოფლის მეურნეობას და ეს იყო პირველი წარმატება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, დღემდე არსებობს პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფაქტობრივად, უპროცენტო ან მინიმალური პროცენტით დაფინანსებას გულისხმობს სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებით.
როგორც დავითაშვილი ამბობს, იაფი ფულადი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო, რაც შესრულდა.
„შეღავათიან ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობამ განაპირობა, რომ საქართველოში ერთიორად გაიზარდა და 55 000 ჰექტარს გადასცდა ვენახების ფართობი. ეს ტენდენცია არის ძალიან დადებითი. ეს არის მყარი სანედლეულო ბაზა, რომ ღვინის ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აგრარული სექტორისთვის წარმატებული იყოს, განვითარდეს და გაიზარდოს. 10 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენებულია სხვადასხვა ხილის კულტურა, მრავალწლოვანი ინტენსიური თანამედროვე ბაღები, რომელიც არის საგრანტო დაფინანსების შედეგი. რამდენიმე ათას ჰექტარზეა სასათბურე მეურნეობები, რომელიც სასურსათო უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ბოსტნეული არასეზონზე. რაც შეეხება 2020 წლის პანდემიის პირობებში ჩვენს მყისიერ ჩარევას; ჩვენ გავაჩინეთ მოკლევადიანი ფინანსური საბრუნავი საშუალებები ფაქტობრივად უფასოდ იმისათვის, რომ სწრაფად მოეხდინათ ადაპტაცია ჩვენს ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს და ერთწლოვანი კულტურების მეტი მოსავალი მიგვეღო.
ჩვენ გვქონდა პირდაპირი დახმარებები. ეს იყო აგრობარათებზე დარიცხული ქულები, რომ ფერმერებს უფასოდ მიეღოთ პესტიციდები, დაზღვევის კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობები და ა. შ. – ეს იყო მყისიერი ღონისძიებები, რომელიც ჩვენ 2020 წელს დავამატეთ ძირითად პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტს: პირველადწარმოებაში საგრანტო თანადაფინანსებას, შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების თანადაფინანსებას, ტექნიკურ დახმარებაში თანადაფინანსებას, აგროკრედიტს და აგროდაზღვევას. ეს პროგრამები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, თანმიმდევრული საქმიანობის განხორციელება იმისთვის, რომ ვიყოთ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა და სოფლის მეურნეობა მეტ ღირებულებას ქმნიდეს ეკონომიკაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.