ლევან დავითაშვილი - ლოგისტიკასა და ინფრასტრუქტურაში სწორი ინვესტიციებით საქართველო მოიზიდავს მნიშვნელოვან სატვირთო ნაკადებს, არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც
საქართველო მოიზიდავს მნიშვნელოვან სატვირთო ნაკადებს, არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„საქართველო არის ევროპისა და აზიის ბუნებრივი დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. ამავე დროს, ჩრდილოეთის კორიდორში პრობლემამ გამოაჩინა, რომ საქართველო, როგორც საიმედო ალტერნატივა, არსებობს. ეს არის თავისუფალი გარემოს ქვეყანა, სადაც არსებობს წესრიგი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ეს არის გარემო, რომელიც ბიზნესისთვის ნორმალურია. ამასთან ერთად, თუ ჩვენ გვექნება აქცენტირებული სწორი ინვესტიციები ლოგისტიკაში, ინფრასტრუქტურაში, რათა ინფრასტრუქტურული ჩამორჩენები აღმოვფხვრათ, რაც ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებია, საქართველო მოიზიდავს მნიშვნელოვან სატვირთო ნაკადებს, არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის ბუნებრივი როლი უნდა იყოს ის, რომ ჰაბის როლი შეასრულოს, არა მხოლოდ ტრანსპორტის კუთხით, რაც ფიზიკურ კავშირებს გულისხმობს, არამედ ციფრული კავშირების კუთხითაც.
„აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდგომში უფრო მეტი აქცენტი ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციაზე. აქ ბუნებრივი უპირატესობები გვაქვს, ისევ გეოგრაფიიდან გამომდინარე და გვაქვს ასევე გარკვეული პროგრესი ციფრული სერვისების განვითარებისა და მოსახლეობის უნარების კუთხით. უკვე გარკვეული ინფრასტრუქტურაც არსებობს, მაგრამ არსებობს კონკრეტული ელემენტებიც, რომლებსაც მიზნობრივად უნდა მივხედოთ და რა თქმა უნდა, საქართველო შეიძლება ციფრული ჰაბი იყოს, ბევრი რეგიონისთვის საინტერესო“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო შეიძლება იყოს ენერგეტიკის კუთხით ენერგიის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებთან ევროპის დამაკავშირებელი.
„ასეთი მნიშვნელოვანი, ათწლეულებისთვის სტრატეგიული პროექტები იქნება ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ქვეყანას წვდომა გაუჩნდება მეტ რესურსზე და მეტ სტრუქტურულ ფონდზე.
„შესაბამისად, ამა თუ იმ დარგის განვითარება უფრო სწრაფად მოხდება. ეს არის მთავარი ამოცანა და ჩვენ პირობაც გვაქვს დადებული, რომ განვითარება გვინდა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად, რომელიც გაწერილია ბევრ ევროპულ დირექტივაში. ჩვენი პოლიტიკაც პირდაპირ სინქრონიზდება ევროპულ პოლიტიკასთან. ჩვენ ამ გზაზე მივდივართ და თუ უფრო სწრაფად ვივლით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკურ გუნდში ისეთი დიდი კონსენსუსი არსებობს, როგორიც არასდროს ყოფილა.
„ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, სხვა უწყებებთან და მათ შორის, პარლამენტის ეკონომიკურ ჯგუფთან, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით ვმუშაობთ ამ საკითხებზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.