ლევან დავითაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ინვესტორი კომპანიის, FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელ დირექტორს, სანტიაგო ლაფუენტეს, რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილს, ასევე GWP-ის გენერალურ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. „ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს ევროკავშირის ქვეყნებიდან. ისინი ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, შემოაქვთ ახალი ტექნოლოგიები და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. ესპანურ კომპანიას, FCC Aqualia-ს აქვს დიდი მისია, გარდაქმნას „ჯორჯიან უოთერ და ფაუერი“ თანამედროვე ევროპული სტანდარტების კომპანიად, რომლის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია საქართველოს დედაქალაქის, ასევე რუსთავისა და მცხეთის უწყვეტი, უსაფრთხო და უვნებელი წყალმომარაგება. იმედი გვაქვს, რომ Aqualia-ს წარმატებული მაგალითი დამატებითი სტიმული იქნება საქართველოს ბაზარზე ევროპული ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საქართველოში. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონდოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეიძინა. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ითქვა, რომ Aqualia-სთვის თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესება პრიორიტეტულია, კომპანიის აქციონერები კი მზად არიან, მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საქმიანობასა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, რადგან მათთვის GWP-ის მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ „საქართველოს კაპიტალის” თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორის მოადგილეები ავთო ნამიჩეიშვილი და გიორგი ალფაიძე.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.