ლევან დავითაშვილი - ხორბლის მარაგთან დაკავშირებით საქართველოში პრობლემა არ არის, არც პერსპექტიულ შესყიდვებზე იქნება შეფერხება
მსოფლიოში დღეს სასურსათო ნაკადები არის შეცვლილი, ასევე ზოგადად, სასურსათო ჯაჭვი არის სახეცვლილი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს უკავშირდება ძირითადად სავაჭრო შეზღუდვებს და არა იმას, რომ დედამიწაზე სურსათის ფიზიკური მარაგები ნაკლებია.
„ბევრ ქვეყანას აქვს შემზღუდავი ღონისძიებები. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ევრაზიულმა კავშირმა, ეს იყო მოკლევადიანი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა გარკვეულ ბურღულეულ პროდუქტს, დღეს მიიღეს ახალი გადაწყეტილება, რომელიც უკავშირდება ბურღულეულ პროდუქტს, ზოგიერთ ბოსტნეულ პროდუქტს და პირველადი საჭიროების ჰიგიენურ და სამედიცინო დამცავ საშუალებებს. გვესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები კრიზისულ სიტუაციებში ზოგიერთი მთავრობის მიერ მიიღება. ველოდით ასეთ გადაწყვეტილებებს და ვმუშაობდით ალტერნატიულ წყაროებზე, რათა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული ყოფილიყო საქართველოში პირველადი საჭიროების პროდუქტების მომარაგება“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება ხორბალს, დავითაშვილის თქმით, მიუხედავად გარკვეული არარაციონალური შეზღუდვებისა, პროგნოზები დამაიმედებელია და რეგიონში ჭარბი მოსავალია.
„გარკვეული შეზღუდვები შემოიღო რუსეთმა მათ შორის ხორბალთან დაკავშირებით, რომელიც ხორბლის ექსპორტის ლიმიტირებას, კვოტირებას ახდენს. თუმცა რუსეთში კონკრეტული კომპანიები, ხორბლის ექსპორტიორები, ექსპორტიორთა კავშირი აცხადებდა, რომ დღეს რუსეთში არსებობს ხორბლის საკმარისი მარაგი. ჩვენ ველოდებით ახალ მოსავალს სულ ცოტა ხანში, რამდენიმე თვეში. პროგნოზები არის დამაიმედებელი მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში არის ხორბლის ჭარბი მოსავალი მოსალოდნელი, შესაბამისად, მოსალოდნელია ფასების სულ მცირე, არ გაზრდა და შესაძლებელია, შემცირებაც. ამიტომ კვოტირება უბრალოდ რაციონალური არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, კვოტირების შემთხვევაში, ჩვენ ვახერხებთ იმ კონტრაქტების შესრულებას, რომელიც საქართველოში ხორბლის საკმარის მარაგს უზრუნველყოფს დროის მთელი პერიოდის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მივიღეთ უფრო მკაცრი შეზღუდვები ექსპორტთან დაკავშირებით, რომელსაც რაციონალური შეზღუდვები არ აქვს, რადგან ჭარბია ზოგადად ხორბლის მარაგი მსოფლიოში და ფასები დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება, გვაქვს ალტერნატიული წყაროები და წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე, რათა საქართველოში ხორბლის მარაგი შეივსოს. შესაბამისად, ეს არ აისახოს ფქვილის ფასზე და მოსახლოებას პური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პირველადი საჭიროების პროდუქტია, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს, ასევე შესაბამის ფასად“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, თუ გეოგრაფიულად ახლო რეგიონიდან ვერ მოხერხდა მარაგების შევსება, არის საკმარისი დრო და მარაგი იმისთვის, რომ გეოგრაფიულად უფრო შორს მდებარე ადგილებიდან საქართველომ უწყვეტ რეჟიმში მიიღოს პროდუქტი.
„ხაზს ვუსვამ, ხორბლის მარაგთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და არც პერსპექტიულ შესყიდვებთან დაკავშირებით არ იქნება არანაირი შეფერხება“, – განცხადა ლევან დავითაშვილმა.