ლევან დავითაშვილი - ხანძრების გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია, რაც შესამჩნევია საქართველოშიც
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა წელს საქართველოში მნიშვნელოვნად, 20-40 პროცენტითა არის შემცირებული.
„ხანძრების აქტიური გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია, რაც შესამჩნევია საქართველოშიც. ხანგრძლივი უნალექო პერიოდის გამო, რომელიც საქართველოში მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა, ხანძრების რისკი ტყეებში განსაკუთრებით მომატებულია – გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი. რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, 2020 წლის პირველი მარტიდან 10 მარტის 09:00 საათის მდგომარეობით, ტყის ეროვნული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში ხანძრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საერთო ფართობმა 546 ჰექტარი შეადგინა.
„ამ ეტაპისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით რვა ღია კერა ფიქსირდება. ამ ეტაპზე, დაფიქსირებული 43 შემთხვევიდან, უმეტესი ნაწილში ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ძალიან მცირე ნაწილზე რჩება ცეცხლის ჯერაც ლოკალიზების გარეშე დარჩენილი კერები.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულია ეროვნული სატყეო სააგენტოს 150-მდე მეტყევე სპეციალისტი და დაახლოებით 1 000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.
მინისტრის თქმით, დღეს არსებული მდგომარეობა რეგიონების მიხედვით ასეთია – კახეთი – 18 კერა, 168 ჰექტარი; სამცხე-ჯავახეთი – ერთი კერა, ერთი ჰექტარი; რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – სამი კერა, 60 ჰექტარი; ქვემო ქართლი – ხუთი კერა, 65 ჰექტარი; შიდა ქართლი – ორი კერა, 15 ჰექტარი; გურია – ოთხი კერა, 8.5 ჰექტარი; იმერეთი – ექვსი კერა, 16 ჰექტარი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – ოთხი კერა, 200 ჰექტარი. ფართობის სიდიდის მიუხედავად, ხანძარი მხოლოდ ქვეტყეზე და ბუჩქნარზე გადავიდა. მცხეთა-მთიანეთი – ერთი კერა, 10 ჰექტარი.