ლევან დავითაშვილი „იუესეიდის“ მისიის დირექტორს შეხვდა
ლევან დავითაშვილი „იუესეიდის“ მისიის დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოადგილეებთან – ხატია წილოსანთან და სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, „იუესეიდის“ მისიის დირექტორს, პიტერ ვებლერს შეხვდა.

შეხვედრას USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი დისტანციურად დაესწრო.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობასა და „იუესეიდს“ ყველასთვის რთულ სიტუაციაში თანადგომისთვის და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ამერიკელი ხალხისა და მთავრობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებული ერთობისა და კონსოლიდაციის დროა.

შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტებზე დაფუძნებული ეფექტიანი ეკონომიკური სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის წახალისების, კერძოდ, ნარჩენების მართვის, დაცული ტერიტორიების, სასურსათო უსაფრთხოების და მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს.

როგორც პიტერ ვებლერმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვეყნის სურსათით მომარაგებისა და მარაგების კონტროლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია, რასაც ეფექტიანად უმკლავდება. პიტერ ვებლერმა მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა.