ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვებისა და სატყეო პოლიტიკის მინისტრ ტერეზა ბელანოვს შეხვდა 
ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვებისა და სატყეო პოლიტიკის მინისტრ ტერეზა ბელანოვს შეხვდა 

პანდემიის გამო, ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვებისა და სატყეო პოლიტიკის მინისტრმა, ტერეზა ბელანოვამ განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებით შექმნილმა ვითარებამ, ფაქტობრივად ევროპის ყველა ქვეყანაში, ღვინის გაყიდვებთან დაკავშირებით, პრობლემები შექმნა. რის გამოც ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება.

მათივე ინფორმაციით, დარგის გადასარჩენად, ქვეყნების მთავრობები სხვადასხვა სამოქმედო გეგმებს განიხილავენ. ბევრ მათგანს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პრობლემებზეც, მათ შორის მეღვინეობაში. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები დაზარალდნენ. ისინი, ძირითადად, ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულნი. დღეს კი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ამ სეგმენტის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე საუბარი იყო „მერანოს 29-ე ღვინის ფესტივალზეც“, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „ვუბრუნდებით ფესვებს“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების კომისიის ვიცეპრეზიდენტი პაოლო დე კასტრო, იტალიის სავაჭრო, ინდუსტრიის, სახელოსნო და სოფლის მეურნეობის პალატების გაერთიანების ვიცეპრეზიდენტი და კაზერტას სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ტომაზო დე სიმონე, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი ლუიჯი მოიო, იტალიის ღვინის სახეობების გაერთიანების პრეზიდენტი ერნესტო აბონა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ დირექტორი თინა კეზელი.